საკოორდინაციო საბჭო – ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა და ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილეს

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა და ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილეს.
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დეტალურად იმსჯელა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმასა და იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. როგორც ცნობილია, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.
საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. როგორც ცნობილია, კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, როგორც ვაქცინის დროული მიღების, ისე ქვეყანაში შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინის პირველი დოზების მიღებასთან დაკავშირებით COVAX პლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და მისი საერთაშორისო აღიარებაა.
მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია და დადებითობის მაჩვენებელი საშუალოდ ბოლო ერთ კვირაში 8,3%-ია, თუმცა, ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღეს საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ ის 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში იქნება.
საბჭომ ასევე იმსჯელა გლობალურად ინფექციის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე.
 მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება და არაერთმა ქვეყანამ შეზღუდვების გახანგრძლივების თუ გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
მსოფლიოში არსებული ტენდენციებისა და ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას მაქსიმალურად ფრთხილი ნაბიჯები და თითოეული შეზღუდვის მოხსნა ეფუძნებოდეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს, რათა არსებული სტაბილიზაციის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემუშავდება ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება.
მთავრობის მეთაურის დავალებით, ინტენსიურად გრძელდება ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რადგან ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმების და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.
გარდა ამისა, შესაბამისი უწყებების მხრიდან აქტიურად კონტროლდება ქვეყნის მასშტაბით დღეს მოქმედი შეზღუდვების აღსრულება. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 121 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 986 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელების საფუძვლით დაჯარიმდა 3 ობიექტი, რომელიც მათ შორის გასართობ დაწესებულებაში, ხალხმრავალი სოციალური ღონისძიების ორგანიზებას გულიხსმობდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა, ობიექტებს საქმიანობა შეუჩერდათ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 247 915 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 234 636 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 958 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 460 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 634 მოქალაქე,  სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3 670 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
კომენტარები