საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, გამოფენა მოაწყო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ, ვაკის პარკში, თბილისის მერიის მიერ გამართულ მასშტაბურ გასართობ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
კომისიამ თბილისის ქუჩებისა და უბნების ნახატების, ასევე, მაკეტების გამოფენა სახელწოდებით – „დახატე შენი ქუჩა“ წარმოადგინა. ნამუშევრები ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მიერაა შექმნილი.
როგორც კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, პროექტი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად დაიგეგმა.
„სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ძირითადი საქმიანობა გეოგრაფიული ობიექტების, მათ შორის ქუჩების სახელდება გახლავთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ბავშვებთან ერთად, საინტერესო დღე მოგვეწყო. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვთხოვეთ, რომ ბაგა-ბაღების დამამთავრებელი ჯგუფების მოსწავლეებს საკუთარი ქუჩები დაეხატათ. მოხდა ისე, რომ ბავშვებმა ჯგუფურად იმუშავეს და არაჩვეულებრივი მაკეტები შექმნეს. მათგან ბევრი მაკეტის ფორმითაა აწყობილი, ბევრი კი ნახატია. ეს არის ბავშვების ხედვა, თუ როგორ აღიქვამენ საკუთარ ქალაქს, ქუჩას, ბაღს“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
გამოფენაში თბილისის სხვადასხვა ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ბავშვებს სხვადასხვა კომპანიის მხარდაჭერით, სამახსოვრო საჩუქრები და წამახალისებელი სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიებას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
გამოფენაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა გასართობ შოუში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ. კამპანიის – „დახატე შენი ქუჩა“ მხარდამჭერები არიან : საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია; სათამაშოების მაღაზიები ,,ჭიტა“, ,,პეპელა“, ,,სუპერი“, ,,ცეროდენა“; წიგნის მაღაზია „ბიბლუსი“; კომპანიები – ,,ფუდმარტი“, ,,ტკბილი ქვეყანა“, ,,ზედაზენი“, ,,ნატახტარი“, ,,გურჯაანი“, ,,ბარამბო“, ,,სანტე“, ,,ზოოტოპია“; კინოთეატრები ,,კავეა“ – ,,ამირანი“; ბავშვთა გასართობი ცენტრი ,,ლოსთი“ LOST.