„საკუთარი ცოდვების დანახვამ და განცდამ ადამიანში სასოწარკვეთილება არ უნდა გამოიწვიოს. ჩვენ უნდა გვახსოგდეს, რომ რადგან უფლის სახიერება და სიყვარული ყოველგვარ“ – ილია მეორე

-„ადამიანი, რომელიც სხვას განიკითხავს, თავის ცოდვებს ვერ ხედავს და არც თვისთა ცოდვათა განცდა აქვს, ხოლო უკეთუ მას განცდაჲ თჳსთა ცოდვათა შეუძლია, მაშინ სხვას კი არ განიკითხავს, არამედ პირველ რიგში თავის სულზე იზრუნებს.
დიდი იყო წმიდა მამების მიერ განცდაჲ თჳსთა ცოდვათა. ერთხელ როცა ერთ-ერთ მონასტერში სტუმრად მისულ ანტონი დიდს ბერებმა დარიგება სთხოვეს, რა გავაკეთოთო, ანტონი დიდმა უპასუხა, ვიტიროთ ჩვენი ცოდვებისთვისო. მართლაც, მთელი მონასტერი ატირდა, რადგან მის მკვიდრთა შორის თვისთა ცოდვათა განცდა დაიბადა.
სულიერი განწმენდა, და ამაღლება, ბოროტისაგან განშორება და სულიწმიდის მოპოვება მხოლოდ ერთი გზით – საკუთარი ცოდვების დანახვითა და მათი განცდით შეიძლება. გავიხსენოთ წმ. მეფე დავით წინასწარმეტყველი. მისი ორმოცდამეათე ფსალმუნი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ, საკუთარი ცოდვების განცდისაგან გამოწვეული გულწრფელი ცრემლებითაა წარმოთქმული: მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი რაც უფრო მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე და რაც უფრო უახლოვდება უფალს, თვისთა ცოდვათა განცდა და საკუთარი უღირსების შეგრძნება უფრო და უფრო უძლიერდება. ადამიანზე, რომელსაც თავი უცოდველად წარმოუდგენია, წმიდა მამები ამბობენ, რომ მას სინდისი დამწვარი აქვს, რადგან სულიერად დაბრმავებული თავის ცოდვებს ვეღარც ხედავს და ვეღარც განიცდის.
მორწმუნე ადამიანი არასოდეს არ უნდა დაკმაყოფილდეს თავისი მდგომარეობით და არ უნდა თფიქროს, რომ მან უკვე რაღაცას მიაღწია და სულიერი სიწმინდე შეიძინა. პირიქით, მუდამ სულიერი უკმარისობის გრძნობა უნდა აწუხებდეს და ყველაფერს აკეთებდეს იმისათვის, რომ ხვალ უკეთესი იყოს ვიდრე დღესაა. ეკლესიის ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის ავაზაკთა, მკვლელთა, ქურდთა და მეძავთა მოქცევისა და წმინდანობის სიმაღლემდე ასვლისა. ერთ-ერთი მათგანი ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელია, რომელსაც ეკლესია განსაკუთრებით იხსენიებს დიდ მარხვაში. ქალი, რომელიც 12 წლის ასაკიდან ეწეოდა ზნედაცემულ ცხოვრებას, შემდეგში მოიქცა და ანგელოზთა სწორი გახდა. ამიტომ საკუთარი ცოდვების დანახვამ და განცდამ ადამიანში სასოწარკვეთილება არ უნდა გამოიწვიოს. ჩვენ უნდა გვახსოგდეს, რომ რადგან უფლის სახიერება და სიყვარული ყოველგვარ ცოდვას აღემატება, გულწრფელად მონანულთ ცოდვები შეენდობათ“.

სიონი, 25 თებერვალი, 1996 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

კომენტარები