„საკუთარ გულში ყოვლადწმინდა სამების მკვიდრობის რწმენა. ამის ნაყოფი არის ის, რომ გულში ფეთქავს მადლის წყარო“-თეოდორე გიგნაძე

-„საკუთარ გულში ყოვლადწმინდა სამების მკვიდრობის რწმენა. ამის ნაყოფი არის ის, რომ გულში ფეთქავს მადლის წყარო, საიდანაც მიედინებიან მდინარეები მარადიული სიცოცხლისკენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მრავალი ადამიანი დარწყულდება იმ წყაროდან, რომელიც მორწმუნე ადამიანის გულიდან უნდა გამოდიოდეს. ასეთი ადამიანი ხდება ნათელი ამა სოფლისა და გარკვეულწილად იმ გარემოს გადამრჩენელი, რომელშიც ცხოვრობს.

რაც უფრო დიდია წმინდანი, მით უფრო მეტი ადამიანი გადარჩება მის გარშემო. მაგალითად, იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ერთ მართალ ადამიანს მთელი ქალაქის გადარჩენა შეუძლია. სერაფიმე საროველი ამბობს: შენ ცხონდი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიან. იმიტომ, რომ შენ ქრისტეს მისიის აღმსრულებელი ხარ. ოღონდ არა თეორიულად – რომ რაღაც წაგიკითხავს, ან გარეგნული რელიგიურობით, არამედ შენი შინაგანი რელიგიურობით. იმიტომ, რომ შენ კი აღარა ხარ ცოცხალი, არამედ შენში ცოცხლობს იესო ქრისტე, შენ ხარ ქრისტე იმ ადგილას, სადაც ხარ, ჭეშმარიტად მოწაფე ხარ ქრისტესი და მის საქმეს აღასრულებ.

ამიტომ დიახაც, შენ მრავალი ადამიანის გადამრჩენელი ხარ. ოღონდ, რა თქმა უნდა, არა შენ უშუალოდ, არამედ იმ მადლის გამო, რომელიც შენშია, რომელიც ღმერთმა თავისი განკაცებით მოგვიტანა და სულიწმინდა ღმერთმა თავისი გარდამოსვლით მოგვცა“.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

კომენტარები