სალომე ზურაბიშვილი კახეთს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახეთს ეწვია.
პრეზიდენტმა კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ და კინოხელოვნების ბანაკი მოინახულა. დაათვალიერა კოლეჯის თეორიული და პრაქტიკული სწავლების კორპუსები და სტუდენტთა პანსიონი. პანსიონში კინოხელოვნების ბანაკის ბავშვები ისვენებენ.
კოლეჯის წარმომადგენლების განცხადებით, „აისი“ წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. კოლეჯში სხვადასხვა პროფესიები ისწავლება – მეღვინეობა, მევენახეობა, ვეტერინარია, დურგლობა, მზარეულობა და სხვა.
,,მნიშვნელოვანია, რომ ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები მზად არიან შესაბამისი პროფესიით დასასაქმებლად. ეს არის ის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმისათვის, რომ დავამარცხოთ ახალგაზრდების დასაქმების რთული პრობლემა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კოლეჯს გააჩნია დამხმარე ნაგებობები: ხელოვნების სასახლე, ღვინის სახლი, მარანი, საარყე, თონე, მეცხოველეობის ფერმა, ფუტკრის სახლი, ჩირის სახლი და სხვადასხვა სახელოსნოები. სალომე ზურაბიშვილი კოლეჯის საკონსერვო საწარმოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და თავად დააგემოვნა სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქცია. სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთიდან, საინგილოდან, სვანეთიდან, სამეგრელოდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან ჩამოსულ ბავშვებს გაესაუბრა, რომლებიც კინოხელოვნების ბანაკში ისვენებენ.

კომენტარები