სალომე ზურაბიშვილმა ბორდერიზაციის პროცესზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და რუსეთიდან ავიარეისების შეჩერებაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელლენს შეხვდა.

პრეზიდენტმა ავსტრიულ მხარეს  ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესების, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ.

პრეზიდენტმა ბორდერიზაციის პროცესზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და რუსეთიდან ავიარეისების შეჩერებაზე ისაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვიზალიბერალიზაცია და ცირკულარული მიგრაციის მნიშვნელობის საკითხები. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ცირკულარული მიგრაცია, როგორც მიგრაციის დაძლევის და საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების მხარდამჭერი ინსტრუმენტი, საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს. ცირკულარული მიგრაციის სქემების საპილოტე ვერსიები წარმატებით ხორციელდება პოლონეთთან და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე უკვე გამოთქვეს მზაობა: ბულგარეთმა, ესტონეთმა, უნგრეთმა და პორტუგალიამ.

პრეზიდენტის განცხადებით, დროებითი ლეგალური დასაქმების მიმართულებით პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენის თვალსაზრისით, საქართველო კვლავ განაგრძობს მუშაობას.
ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ავსტრიაში ვიზიტით მიიწვია.

კომენტარები