„სალომე ზურაბიშვილმა რურუა უნდა შეიწყალოს – გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში“ – სენატორი რიში

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა 29 ივლის  წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური დევნის მაგალითია, მისი საქმე საბჭოთა პროპაგანდის გაგებით გააყალბეს. ამასთან, რურუამ განაცხადა, რომ სასამართლოს წინასწარ გამოტანილი ვერდიქტის დამტკიცება ევალებოდა.

გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის შეფარდებას, შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ეხმიანება.

„ამერიკის ხმის” შეკითხვის,   – როგორ აფასებს ის ამ ნაბიჯს, სენატორმა პასუხად განაცხადა:

-„სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

ვარ ძალზედ შეშფოთებული, ბატონი გორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა, არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლობასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილმა  როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა.

ძალიან მახარებს,  რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა, მოველი, ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე“.

კომენტარები