სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, მამა დანიელ გვილავას განკვეთის ვადა დღეს ეწურება

სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, მამა დანიელ გვილავას განკვეთის ვადა დღეს ეწურება. შესაბამისი ბრძანება ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოსცა. მეუფემ ამბიონიდან კიდევ ერთხელ მოუწოდა დაპირისპირებულ სასულიერო პირს მონანიებისკენ და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მღვდელმსახურებიდან განიკვეთება.

დანიელ გვილავა და ეპარქიასთან დაპირისპირებული სხვა სასულიერო პირები არ აპირებენ, დაემორჩილონ მეუფის ბრძანებას და აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უსამართლოა. ისინი არ აპირებენ, დატოვონ ეპარქია და აცხადებენ, რომ მოქმედმა მეუფემ სინოდის სხდომაზე უნდა დაამტკიცოს ბრალდებები.

სალხინოს მონასტრის მსახური სასულიერო პირები ელოდებიან ეპარქიაში შექმნილ გადაბარების კომისიას, რომლებმაც, ეპარქიის ქონებასთან ერთად, სალხინოს მონასტრის ინფრასტრუქტურაც უნდა ჩაიბაროს. ისინი აცხადებენ, რომ გადაბარების პროცესში ჩაერთვებიან.

დღეს სალხინოს მამათა მონასტერში წირვა მეუფის მიერ დანიშნულმა სასულიერო პირმა აღავლინა, რომელმაც ტელევიზიებთან საუბარი არ ისურვა და მონასტრის ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

კომენტარები