“სამართალდამცავ სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე ოპოზიციური პარტიების გეგმაზე:”-გურო იმნაძე:

გურო იმნაძე სოციალურ ქსელში წერს-

“სამართალდამცავ სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე ოპოზიციური პარტიების გეგმაზე: პირველ რიგში, შემოთავაზებული ხედვა არის ზოგადი, ძირითადად ლოზუნგების დონეზეა გაწერილი და მოითხოვს მეტ კონკრეტიკას – რა ფორმებით, ვადებში და რა თანმიმდევრობით გატარდება ეს რეფორმები.

ამ უზოგადესი ფორმულირებების ფონზე, რთულია ოპოზიციის ხედვების ავ-კარიანობაზე, მათ რეალისტურობასა და პოლიტიკურ მისაზნშეწონილობაზე დეტალური მსჯელობა, თუმცა რამდენიმე დაპირება აქედანვე აჩენს კითხვებს:
> პირველ რიგში, რა პრობლემის მოგვარებას ემსახურება ადგილობრივ დონეზე შერიფის ინსტიტუტის შემოღება; ვის წინაშე იქნება შერიფი ანგარიშვალდებული; რა ტიპის დისკრეციული უფლებები ექნება და შეეძლება თუ არა ადგილობრივ დონეზე სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრა; როგორი იქნება მისი სუბორდინაცია სამინისტროს ცენტრალურ მენეჯმენტთან;

> ბუნდოვანია, შერიფი იქნება ადგილობრივ დონეზე გამოძიებაზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელი, თუ საპოლიციო/პრევენციულ ღონისძიებებზე და საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხიმსგებელი პირი (თუ ორივე ფუნქციას შეითავსებს); არ ჩანს, შერიფს ექნება თუ არა დაქვემდებარებულ უწყებაში თანამშრომელთა დისციპლინირების/წახალისების შესაძლებლობა;

> ბუნდოვანია ე.წ. არჩევითი პროკურორის შემოღების რაციონალურობა – რა საჭიროა, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე სახელმწიფოს როლი საერთოდ ჩაიხსნას და მთლიანად დაზარალებულზე გადავიდეს ასეთ დანაშაულზე რეაგირების პასუხისმგებლობა; პროკურორის არჩევის პირობებში, იცვლება თუ არა რამე გამოძიების დონეზე და არჩეულ პროკურორს რა გავლენის მოხდენა შეუძლია გამოძიებაზე; ან საერთოდ, თუკი საქმეზე დევნის ინტერესი არ არსებობს, კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დგება ასეთი საქმის გამოძიებაც;

> სახელმწიფო ბრალმდებლის საქმიდან გამოთიშვა ხომ არ აჩენს რისკებს, რომ ბრალდებულმა და დაზარალებულმა off the record დაიწყონ კომუნიკაცია და საქმეების დალაგება; ან ასეთ მოწესრიგებაში როგორ არის დაზღვეული კორუფციული გარიგებების რისკები;

> შემოთავაზებულ ხედვაში არ ჩანს, როგორ გვარდება დღეს სისტემის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა – გამოძიების დაბალი კვალიფიკაცია; როგორ უნდა ამაღლდეს არსებული კადრების კვალიფიკაცია და რა ინსტრუმენტებით უნდა მიიზიდონ სისტემაში მაღალი დონის პროფესიონალები;

> არაფერია ნათქვამი ამ უწყებების (და განსაკუთრებით სუს-ის) ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერებაზე;

> ცალკე საკითხია სუს-ი, რომელიც ამ ფორმით ნამდვილად არ უნდა არსებობდეს, თუმცა შეთანხმებაში ასევე არ ჩანს, როგორი იქნება უსაფრთხოების სისტემის არქიტექტურა. მეტ კონკრეტიკას საჭიროებს, თუ რა იგულისხმება „პოლიტიკური პოლიციის“ ფუნქციის გაუქმებაში – სუს-იდან მხოლოდ კორუფციულ დანაშაულზე გამოძიების ფუნქციის გამოტანა, ზოგადად გამოძიების ფუნქციის მოშორება უსაფრთხოების სამსახურიდან, თუ მაგალითად მხოლოდ კონტრტერორისტული დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილების შენარჩუნება.

მოკლედ, ძალიან კარგია რომ ეს საკითხები აქტიურად დგას პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში, თუმცა საზოგადოება უფრო მეტ დეტალს და კონკრეტულ ხედვებს იმსახურებს ასეთ მნიშვნელოვან თემებზე. გაზი 10 თეთრი, დენი 5 თეთრი, წყალი – უფასო – ასეთი ტიპის ლოზუნგები რაც ნაკლები გვენქება, მით უკეთესი.”-გურო იმნაძე

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები