სამეფო კარის თამაშებში ჩართული ომბუდსმენი

– დიდი აჟიოტაჟია ატეხილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელებაზე და მათთან გასაუბრების დანიშვნაზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ ასეთ დროს ახალი მოსამართლეების დანიშვნა „კლანის“ გაძლიერებას და „უახლესი აღთქმად“ მონათლული შარლ მიშელის დოკუმენტის იგნორირებას ნიშნავსო, ხოლო ხელისუფლება პასუხობს, არა ბატონო, ამ ახალი ბიბლიის არც ერთი მუხლი ჩვენ არ დაგვირღვევია, რადგან დიადი შარლი იმას კი არ გულისხმობდა, საერთოდ არ დანიშნოთ მოსამართლეებიო, არამედ მხოლოდ კონკრეტული რეფორმების გატარების შემდეგ დანიშნეთო. ჰოდა, ჩვენ ეს რეფორმები უკვე გავატარეთ და ამიტომ ბიძია შარლი საყვედურს ვერ გამოგვიცხადებს, რადგან მისი მოძღვრებისთვის არ გადაგვიხვევიაო. თანაც, რაღაც მნიშვნელობა საქართველოს კონსტიტუციას და კანონებსაც ხომ აქვს, ისინი კი პირდაპირ გვავალდებულებენ ახალი მოსამართლეების დანიშვნასო.

მოკლედ, არის ერთი გამიშვი-დამიჭირე და ამ დროს, თავისი თავი წარმოაჩინა საქართველოს სახალხო დამცველმა, როგორც უმაღლესმა მსაჯულმა და განაცხადა, მე ახალი მოსამართლეების შერჩერვის მონიტორინგში მონაწილეობას ვერ მივიღებ, რადგან ოპოზიცია მართალიაო. ასე პირდაპირ ბრძოლის ქარცეცხლში შეიჭრა ჩვენი ომბუდსმენი და გაუმაგრა ზურგი ნაცებსა და მის ანასხლეტებს. საოცარი მარტო ის კი არ არის, რომ სახალხო დამცველს არ ესმის თავისი ფუნქციები, არ ესმის, რომ ის მაშინვე უფუნქციო და „თანამდებობისთვის შეუფერებელი“ ხდება, როგორც კი პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთვება და მკვეთრად დაიკავებს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარეს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამ შემთხვევაში მისი და ოპოზიციის პოზიცია უბრალოდ, ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ ის შინაარსი და ფორმა, რომლითაც მან ბოიკოტი გამოუცხადა მოსამართლეთა შერჩევის დაკვირვებას, სწორედ მის პოლიტიკურ ანგაჟირებაზე მიუთითებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა ეთქვა უარი სახალხო დამცველს მოსამართლეთა შერჩევის დაკვირვებაზე და რატომ არ შეძლებოდა თავისი დაკვირვების შედეგები პირუთვნელად აესახა თავის დასკვნაში, თუნდაც ეს დასკვნა უაღრესად კრიტიკული ყოფილიყო. მით უმეტეს, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი თუ იფიქრებს (ომბუდსმენი კი ნამდვილად არ ჰგავს გულუბრყვილოს), რომ ნაცებსა და მათ ანასხლეტებს მართლაც სასამართლოს დამოუკიდებლობა აინტერესებთ. მათ ხომ თავისი მმართველობის დროს და შემდეგაც ყველას ნათლად დაანახეს, რომ მათი მართვის ალფა და ომეგა, საფუძველთა-საფუძველი სწორედ სასამართლოს არათუ მორჩილებაში ყოლა, არამედ მისი სრული კასტრაცია და დამონება-დამოჩილება იყო. ნუთუ ვინმე ფიქრობს ჩვენს ომბუდსმენზე, რომ იგი შემთხვევით და თავისდა უნებურად აღმოჩნდა პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე?

ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს არ ჰყავს კანონით გთვალისწინებული ფუნქცია- მოვალეობებით მოქმედი სახალხო დამცველი. ის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ეხმარება ყველა გავლენიანი ინსტიტუციის (მათ შორის სასამართლოს) დამმორჩილებელ, უარმყოფელ და გამანადგურებელ პოლიტიკურ ძალას, რომელიც „დამოუკიდებლობისა და თავისუფლების“ მოთხოვნის საფარქვეშ აბსოლუტური ხელისუფლების დაბრუნებისკენ მიისწრაფვის ყველანაირი ფორმებით და მეთოებით, რათა კიდევ უფრო მეტი სისასტიკით გააგრძელოს 9 წლის წინ შეწყვეტილი საქმე – სასამართლოს, მედიის, ბიზნესისა და ცხოვრების ყველა სფეროს მართვა დიქტატორული მეთოდებით.

– ნანა კაკაბაძე,
გელა ნიკოლაიშვილი, ტარიელ ღვინიაშვილი

(საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმრები)

კომენტარები