„სამინისტროს აქვს საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია ბიზნესთან, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გაძლიერდება ამ მიმართულებით მუშაობა“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს:

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები ბიზნესის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.

უნდა გავაძლიეროთ მუშაობა ბიზნესთან და პრაქტიკულად, უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ შეხვედრას სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან.

სამინისტროს აქვს საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია ბიზნესთან, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გაძლიერდება ამ მიმართულებით მუშაობა.

მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აწუხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება, გამარტივდეს და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინი, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შესრულდეს და ჩვენი დაგეგმილი საბიუჯეტო ვალდებულებები პირნათლად იყოს შესრულებული. ყველა დარგს აქვს თავისი სფეციფიკა. მზად ვარ, თითოეული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, დაწვრილებით მოგახსენოთ, რა დასკვნებამდე მივდივართ, რა პრობლემების იდენტიფიკაცია ხდება და როგორ ვაპირებთ, გავამარტივოთ ეს რეგულაციები. არ იქნება სწორი, მთლიანობაში ვისაუბრო, მე ვამბობ ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში.

მსოფლიო ბანკის ახალ რეიტინგით, რომლის მიხედვითაც საქართველო ასევე დაწინაურდა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით და 183 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა.

ეს არის კორუფციასთან ბრძოლის გაზრდილი ხარისხი, გამჭვირვალობა და მარტივი რეგულაციები. თუმცა, ამ მიმართულებითაც არის გარკვეული რესურსები, სადაც ჩვენ შეგვიძლია სიტუაცია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“.

კომენტარები