„სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფარგლებში“

საგარეო საქმეთა მინისტრმა  დავით ზალკალიანმა განაცხადა:

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფარგლებში.

საქართველოს აზერბაიჯანთან 446 კმ სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვს. აქედან შეთანხმებულია 1/3, მათ შორის, დავით–გარეჯის ნაწილი. მაისში საზღვრის დარჩენილი მონაკვეთის დელიმიტაციის საკითხის განხილვას რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ სპეციალური კომისია შეუდგა. პირველი შეხვედრა ბაქოში გაიმართა.

დავით–გარეჯის თემა ერთ–ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დელიმიტაციის კომისიის ფარგლებში. უახლოესი შეხვედრა საქართველოში ჩატარდება. ეს იქნება კომისიის მეორე შეხვედრა ბაქოს შეხვედრის შემდეგ. შუალედებში ჩვენ შეხვედრები გავმართეთ ექსპერტებთან ადგილზე და, რასაკვირველია, ვიმოქმედებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესებიდან, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და ყველა საკითხს განვიხილავთ.

სამინისტროს ამოცანა მოცემულ ეტაპზე არის – საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნას ქართული მონასტრებისკენ მისასვლელი გზა.

გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ბაქოში შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება ქართველი მღვდელმსახურებისთვის ქართული ტაძრებისკენ მისასვლელი გზების გახსნის თაობაზე.  მღვდელმსახურებმა მხოლოდ აღდგომის ტაძართან მისვლა შეძლეს.

გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა: დავით-გარეჯთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა“

კომენტარები