„სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება. ხელისუფლებიდან თუ მოვიდა ვინმე წირვაზე, პირკატა ეცემათ ხოლმე – ისინი უფრო მოდიოდნენ, დასჯის რომ…“ – მეუფე იაკობი

სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, ქადაგებისას განაცხადა:

-„სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება. რომელიმე პოლიტიკოსი ჩემთან თუ მოვა, ეს არ არის არჩევნებში ჩარევა.

ხედავთ რა ხდება? ყოველ წელს არის არჩევნები. შეხედეთ ტელევიზიებს, – ხელისუფლებიდან თუ მოვიდა ვინმე წირვაზე, პირკატა ეცემათ ხოლმე. ტელევიზიებიდან დიქტორები გველაპარაკებიან ხოლმე. ძირითადად პარტიული ტელევიზიებია, თავისუფალი ტელევიზია საქართველოში არ ვიცი. თავს არ მოვიტყუებ, არც თქვენ მოგატყუებთ, ყველა აბსოლუტურად პარტიული ტელევიზიაა, სამთავრობო იქნება თუ არასამთავრობო, მნიშვნელობა არ აქვს. დაიწყებენ ხოლმე, – ხელისუფლების წარმომადგენლობა მივიდა, ან დეპუტატობა, – უკვე ეკლესია შეეკრა იმათ, ფულს სთხოვენ, რაღაცებს სთხოვენ. ეს არის სირცხვილი! კარგად მიცნობთ, არ მიჭირს, ის  გამოვხატო, რაც არ მომწონს, ეს იქნება ხელისუფლების მიმართ, თუ არახელისუფლების მისამართით, შეიძლება ოპოზიციის მისამართითაც გამოვხატო, ან ეკლესიის მისამართით. შეიძლება, ჩემი თავიც არ მომეწონოს, –  ჩემზეც ვამბობ, როცა გასამართლებელი არ მაქვს. ე.ი. არ უნდა იაროს ხალხმა საერთოდ ეკლესიაში? როდის ყოფილა, სად გინახივართ,  მე პარტიულად, იმაზე ვესწრებოდი. არც გინახივართ და არც მნახავთ, იმიტომ, რომ, მე ჩემი არჩევანი მაქვს, – ღმერთი მაქვს ამორჩეული.

კაცი თუ მოვიდა ჩემთან, არ უნდა მივიღო? რა ჩემი საქმეა, ვინმე პოლიტიკოსი თუ სხვა კონფესიასთან წავიდა? ვისაც სად უნდა იქ წავა, თავისუფალი არჩევანი გვაქვს. ეს არ არის არჩევნებში ჩარევა. არჩევნებში ჩარევა თუ მინდა, გამოვალ და ვიტყვი, ამიტომ ჭკვიანად უნდა იყვნენ, ტყუილად ნუ გვაბრალებენ რაღაცას. ყველა ჩვენიანია, პოზიცია თუ ოპოზიცია, დამნაშავეა, თუ არ არის დამნაშავე, აბსოლუტურად, ყველა ჩვენი შვილია.

ჩემთან ვინმე მოვიდა და ხელი ვკარი? კარგად გადახედონ, ვინ უფრო მოდიოდა, ხელისუფლება შეიცვალა და ისინი უფრო მოდიოდნენ, დასჯის რომ ეშინოდათ. საკმაოდ ბევრს,  ვიცოდი,  სისხლში გასვრილი არ იყო წინა ხელისუფლებიდან, დავეხმარე. 7 და 10 კაცის გამო ყველა ხომ არ უნდა დაისაჯოს? პარტია უფრო დიდია თუ ქართველობა? ჩემი ქართველები არიან, საქართველოს შვილები არიან, ვინც არ უნდა მოვიდეს, მივიღებ.

რაც უფრო მივდივართ არჩევნებისკენ, მით უფრო ბევრს ლაპარაკობენ. თუ ჩავერიე, არ მგონია, მაგათთვის სასიკეთოდ დამთავრდეს. ჭკვიანად იყვნენ, ნუ ეშინიათ, ხალხი ვისაც აირჩევს, აირჩევს! თქვენ ბედნიერი ხალხი ხართ, არჩეული გყავთ ქრისტე. მე როგორ უნდა გითხრათ, ვინმეს მიეცით ხმა, რა ჩემი საქმეა? ერთადერთი თავისუფლება, რაც კონსტიტუციით გაქვთ, ხმის თავისუფლებაა, არჩევანის თავისუფლება. სხვა ყველაფერს სახელმწიფოს გადასცემთ, ყველა სადამსჯელო ფუნქციას და არაფერი გრჩებათ. მე ვისაც არ ავირჩევ და რა დამოკიდებულებაც მაქვს, ყველამ კარგად იცის“.

კომენტარები