სანიაღვრე, დაბინძურებული წყლები ჩაედინებოდა თბილისის ზღვაში – „ამ კუთხით ინსპექტირება კვლავ გაგრძელდება” – მაია ბითაძე
-„მთელს მსოფლიოში არსებობს წყლის სანიტარული დაცვის წესები, წყლის დაცვა, როგორც სასმელი წყლის, ასევე სარეკრეაციო თვალსაზრისით. არსებობს სარეკრეაციო დაცვის ზონები. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე გაუქმდა რიგი რეგულაციები, რომელიც წყლის სანიტარული დაცვის წესებს ეხებოდა, ამან გარკვეული პრობლემები გამოიწვია, სამშენებლო სამუშაობი ისეთ ტერიტორიებზე ტარდებოდა, სადაც წყალდაცვითი ზოლები იყო. შესაბამისად, გვევალებოდა, განგვესაზღვრა თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზოლები. დარგის ექსპერტების მიერ ფართომასშტაბიანი ჰიდროლოგიური კვლევა ჩატარდა და განისაზღვრა. ეს დატანილია ელექტრონულ რუკაზე, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ ვამტკიცებთ წესებს, რომლის მიხედვითაც ზუსტად განისაზღვრება, რა კომპლექსური ღონისძიებები უნდა გატარდეს იმ ტერიტორიებზე საკანალიზაციო, სანიაღვრე, წყალარინების სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით, სადაც სამშენებლო ტერიტორიებია გამოყოფილი. იქ, სადაც სანიტარული დაცვის მკაცრი ტერიტორიებია განსაზღვრული, სამშენებლო სამუშაოები არც ახლა შეიძლება და არც მომავალში იქნება დასაშვები.
ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც სანიტარული დაცვის წესები ადგენს, მცურავ საშუალებებთან დაკავშირებით გარკვეულ აკრძალვებს ეხება.
შარშან და წელსაც, გამოვავლინეთ გარკვეული შემთხვევები, როდესაც სანიაღვრე, დაბინძურებული წყლები ჩაედინებოდა თბილისის ზღვაში, ამ კუთხით ინსპექტირება კვლავ გაგრძელდება, გარდა იმისა, რომ თითოეულ ადამიანს კანონმდებლობით პასუხისმგებლობა დაეკისრება, მოეთხოვება, „საქაჩები“ მოაწყოს, რომ დაბინძურებული წყალი თბილისის ზღვაში არ მოხვდეს“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ.