„საოცარია, როგორ შეიცვალა ადამიანი, თუნდაც ამ ბოლო ასი წლის მანძილზე! როგორ შეიცვალა ჩვენი შეხედულებები რწმენაზე, სიცოცხლეზე, ხელოვნებაზე, საერთოდ, ჩვენს ყოფაზე“ – ილია მეორე

-„საოცარია, როგორ შეიცვალა ადამიანი, თუნდაც ამ ბოლო ასი წლის მანძილზე! როგორ შეიცვალა ჩვენი შეხედულებები რწმენაზე, სიცოცხლეზე, ხელოვნებაზე, საერთოდ, ჩვენს ყოფაზე. დღეს ადამიანი ნაკლებად ინტერესდება საგალობლებით, კლასიკური მუსიკით. ერთი გერმანელი მინისტრი გულისტკივილით მიამბობდა, რომ მათ ქვეყანაში ახალგაზრდობა აღარ უსმენს ბახს, ბეთხოვენს, მოცარტს, რადგან აღარ აინტერესებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ აფორიქებულია მათი შინაგანი სამყარო, აფორიაქებულია მათი გონება და გულით დაეძებენ ისეთ მუსიკას, რომელიც ენათესავება მათ სულიერ მდგომარეობას.

გავიხსენოთ ღამის ბარები, იქ ღამის თევა და თანამედროვე მუსიკა, უმეტესად, აცარიელებს ადამიანს; ძველ დროს აკეთილშობილებდა, ახლა კი – სპობს და ანადგურებს. შვეიცარიაში ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: ჩართეს წყნარი, კლასიკური მუსიკა და იქვე გალია დადგეს, რომელშიც იადონი იჯდა. ისე მოეწონა იადონს ეს მუსიკა, რომ თვითონაც გალობა დაიწყო. შემდეგ იგივე ჩიტს ჩაურთეს თანამედროვე მუსიკა და იმ ხმაურისა და დისონანსისაგან იგი მოკვდა. არსებობს მუსიკა და არსებობს ანტიმუსიკა!

საერთოდ, რა არის სილამაზე? ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს ამის თაობაზე, მაგრამ არსებობს ასევე ზოგადი, საკაცობრიო შეხედულებაც, რომელიც დიდმა მწერალმა დოსტოევსკიმ ასე გამოთქვა: „სილამაზე გადაარჩენს კაცობრიობას“. ის გულისხმობდა უზენაეს სილამაზეს, უფალს!

დღეს სილამაზის განსაზღვრება და მასზე წარმოდგენა ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, ევროპაში თითქმის ვერ ნახავთ ქალბატონს, კაბა რომ ეცვას, ყველა შარვლითაა. და არა მარტო ჩაცმულობაზე, მათ სრულიად სხვა შეხედულება აქვთ ზოგადად სილამაზეზეც.

ძალიან განვითარებულია გემოვნება იაპონიაში. იქ არსებობს X-XI საუკუნეების საიმპერატორო ბაღები, საოცრად მოვლილი და დახვეწილი. მაგალითად, დევს სადმე ერთი ქვა. და უყურებს ადამიანი. მზე ამოდის და ეს ქვა იცვლის ფორმებს. ეს ეხმარება იაპონელს, რომ ფილოსოფიურად იაზროვნოს, ახალ-ახალი იდეები გაუჩნდეს. აი, მაგალითად, დევს ხუთი ქვა და რომელი მხრიდანაც არ უნდა შეხედო მათ, ხედავ მხოლოდ ოთხს და მეხუთეს – ვერა. არადა იქ ხომ რეალურად ხუთი ქვაა.

ჩემს ერთ-ერთ ეპისტოლეში ვწერდი, ერთი ადამიანი როგორ ადევნებდა თვალ-ყურს პატარა ბიჭს, რომელიც მირბოდა თავისთვის და უცებ შეჩერდა, რადგან ყვავილი დაინახა. იმ კაცმა იფიქრა, ალბათ, ახლა მიირბენს მასთან და მოწყვეტს. ბიჭუნამ კი აკოცა მცენარეს და თავისი გზა გააგრძელა.

ნახეთ, როგორი დამოკიდებულებაა, როგორი ფაქიზი განცდაა!“

პატრიარქის 2010 წლის, 12 დეკემბრის ქადაგებიდან

კომენტარები