საპატრიარქო – „ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო, 13 ნოემბერს, 100,000 მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა აღარ გაიმართება“

საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს:

-„ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო, 13 ნოემბერს, 100,000 მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა აღარ გაიმართება.

პარასკევს, 13 ნოემბერს, არის ხსენება თბილისში ჯალალ ედ – დინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა. ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით.

ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. 17.00 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს,  წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა ხსენებას აღნიშნავს.

ყოველ წელს ღონისძიებები მეტეხის ხიდზე იმართება.

ხორეზმის სახელმწიფოს გამგებელმა, ჯალალ ედ-დინმა 1227 წელს თბილისი აიღო. მისი ბრძანებით, სიონის საპატრიარქო ტაძარს გუმბათი მოხსნეს, სადაც ჯალალ ედ-დინისთვის ტახტი დადგეს. სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები გამოაბრძანეს და მეტეხის ხიდზე გაიყვანეს. თბილისელებს აიძულებდნენ, ქრისტეს უარყოფის ნიშნად, ჯერ დაენერწყვათ, შემდეგ კი ფეხით გაეთელათ წმიდა ხატები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავების წარკვეთით ემუქრებოდნენ. 100 000-მა ქართველმა სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა. მათ ხატებს თაყვანი სცეს და ბრძანებას არ დაემორჩილნენ, რის გამოც ასი ათასი მოჭრილი თავი და თავწარკვეთილი სხეული მტკვარს გაატანეს.

ამ დღეს ქართველმა ერმა სარწმუნოებისათვის თავდადებული 100 000 მფარველი შეიძინა

კომენტარები