სარალიძის ადვოკატი: „რაც მივიღეთ, შერჩევითი სამართალია – როგორც თავიდან, ამჟამადაც უცვლელია ჩემი პოზიცია“ –გიორგი ჯანაშიას საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა

-„როგორც თავიდან, ამჟამადაც უცვლელია ჩემი პოზიცია, დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების გაფორმება, როდესაც საქმეში კვლავ არაერთი პასუხგაუცემელი კითხვაა. როდესაც დანაშაული არასრულწლოვნებს ეხებათ და რამდენიმე მსჯავრდებულია, საკითხი ფაქიზ და უშეცდომოდ მიდგომას მოითხოვს. ამის ნაცვლად კი რაც მივიღეთ შერჩევითი სამართალია. საქმეში მკვეთრად იკვეთება სამოხელეო დანაშაულის ნიშნები პროკურატურა კი დღემდე გაურბის ამ კითხვაზე პასუხის გაცემას.

უზენაესი სასამართლო განუსაზღვრელად ვერ გააჭიანურების საქმის განხილვას და შემდეგ ვნახოთ, რა მიზეზი შეიძლება მოინახოს“,- წერს  სოციალურ ქსელში სარალიძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე.

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ეს  ინფორმაცია  სპეციალური პენიტენციური სამსახურში დაადასტურეს.

უწყების ცნობით, ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულებიდან 30 დეკემბერს გათავისუფლდა.

-„სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას დანიშნული საპატიმრო სასჯელის (4 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით, 11 თვითა და 4 დღით ადრე”, — აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა გაეტარებინა, დანარჩენი 4 წელი პირობითად ჩაეთვლება.

 

 

კომენტარები