სასკოლო ექსკურსიების წესები მკაცრდება – კანონპროექტი

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, –  სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის საკითხს არეგულირებს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულიa, ცვლილებების მიღების შემთხვევაში მაქსიმალურად შემცირდება სასკოლო ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის რისკი.

ცვლილებების შედეგად დეტალურად ხდება სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების განსაზღვრა:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებულია იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით;
  • მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას;
  • იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. ამასთან, როგორც ძირითად ისე სათადარიგო მძღოლს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე.
  • მძღოლი ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

კანონპროექტით, შესაძლოა, ცვლილებებმა გარკვეული დამატებითი ფინანსური ხარჯი გამოიწვიოს კერძო სკოლებისთვის და ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების, ან კომპანიებისთვიზ, რომლებიც აღნიშნულ მომსახუროებას გასცემენ.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე, სათადარიგო მძღოლი ვალდებულია სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას იქონიოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც არ დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. შესაბამისად, ამ პირს შესაბამისი საფასური გადახდა მოუწევს ამ ცნობის აღებისას.

კანონპროექტის მიღებამ,  შესაძლოა, ასევე წარმოშოს გარკვეული სახის ფინანსური შედეგები ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან შესაბამისი იურიდიული პირისთვის, ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით. კანონპროექტი ასევე გავლენას მოახდენს იმ დაწესებულების საშემოსავლო ნაწილზე შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით, რომლებიც ტექნიკური დათვალიერების შესახებ შესაბამის ცნობას გასცემენ.

კანონპროექტმა, შესაძლოა, ასევე გავლენა მოახდინოს კერძო სკოლების ხარჯვით ნაწილზე, -, იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონპროექტით დადგენილი წესით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა გაძვირდება, კერძო სკოლებს თავიანთი შემოსავლებიდან დამატებითი დანახრჯების გაწევა მოუწევთ მათი დაქირავებისას.

კომენტარები