სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების ბიურომ, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაბა ყაზბეგში ჩამოვარდილ ვერტმფრენთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, მომხდარზე მოკლვევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა დასაზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.
„მიმდინარე წლის 6 ივნისს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ BELL-505 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა, იმყოფება ავიაკომპანია „ავიატორი +“-ის ექსპლუატაციაში. ამერიკულ-კანადური წარმოების მსუბუქი ხუთ ადგილიანი (ერთი პილოტი, ოთხი მგზავრი) ვერტმფრენი 2018 წელს არის გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 2018 წლის 15 ივნისს არის დარეგისტრირებული (სარეგისტრაციო ნომერი 4L-ADJ).
ავიაკომპანია ფლობს საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ჩატარებული აქვს ყველა გეგმიური შემოწმება.
საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, დაბა სტეფანწმინდაში „აჭარა ჯგუფის“ კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი – პილოტი და „აჭარა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი.
შს სამინისტრომ ყაზბეგში მოხდარი ავიაკატასტროფის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები