საქართველოსა და აზერბაიჯანის დაპირისპირებას მესამე ძალა ცდილობს, – მუსლიმთა შეიხი
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის, რამინ იგიდოვის განცხადებით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე მიმდინარე დავა ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდიდან არის სადავო, რაც დემილიტარიზაციისა და დემარკაციის პროცესმა, ორივე მხარის სასარგებლოდ უნდა გადაწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ მუსლიმთა შეიხმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის, ნაწილი კი, საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ხოლო პოლიტიკური განცხადებები, რაც ქართული მხარის წარმომადგენლებისგან კეთდება, ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზიანებს:
„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა, ნაწილი, – აზერბაიჯანის. ეს საბჭოთა პერიოდიდან იყო ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხი, რაც დღემდე გრძელდება. ჩემი აზრით, აუცილებელია შედგეს ორმხრივი კომისია, რომელიც საკითხს გადაწყვეტს და შესაბამისად, დემილიტარიზაციისა და დემარკაციის პროცესით, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება. საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს გვაწუხებს ის, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ სასულიერო პირი, მწვავე განცხადებებსა და შეფასებებს აკეთებს, რაც ორი ერის ურთიერთობას აზიანებს. ჩვენ ვართ მოძმე და მეგობრული ქვეყნები და შესაბამისად, მსგავსი განცხადებებისგან ყველა თავს უნდა იკავებდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების და სახელმწიფოს პოზიცია სულ სხვაა და არ ემთხვევა გარკვეული პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს,“ – აცხადებს შეიხი.
მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო პირი რუის-ურბნისის მიტროპოლიტ მეუფე იობის ქადაგებას, დავით გარეჯთან დაკავშირებით, დაუფიქრებელს და ემოციურს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ქადაგება აზერბაიჯანულმა მედიამ, გარკვეული მოსაზრების გამო, არ გაავრცელა.
„პრობლემა ისე უნდა მოგვარდეს, როგორც ჩვენს მრავალწლიან მეგობრობას შეეფერება. მეუფეს განცხადებები იყო დაუფიქრებელად გაკეთებული. მანამდეც იყო პოლიტიკოსების მხრიდან ემოციური განცხადებები, ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელიც. თუმცა, ეს არ წარმოაჩენს ქართულ პოზიციას. ეს არის ემოციურ ფონზე გაკეთებული დაუფიქრებელი განცხადებები, რაც ვნებს, როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ მხარეს. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მეუფეს ქადაგება აზერბაიჯანულმა მხარემ არ გააშუქა. მივესალმები ამას. რადგან მსგავსი განცხადებები არ წარმოადგენს ქვეყნის პოზიციას და პირიქით, საქართველოს ინტერესების წინააღდეგ არის მიმართული, კარგი იქნება, თუ ქართული მედიაც არ გააპიარებს ასეთ საკითხებს“, – განაცხადა რამინ იგიდოვმა.
მუსლიმთა შეიხი მიტროპოლიტ იობის ქადაგებს იმ ნაწილსაც ეწინააღმდეგება, სადაც მეუფე საუბრობს, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ არასწორი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, რელიგიური დაპირისპირებაც მოხდეს.
„საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ვემიჯნებით და ვეწინააღმდეგებით მსგავს განცხადებებს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, აქ ვცხოვრობთ, წლები და საუკუნეებია საქართველოს მკვიდრნი ვართ. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ეთნიკური, ასევე რელიგიური ნიშნით რაიმე სახის დაპირისპირება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვემიჯნებით მსგავს შეფასებებს, – აცხადებს შეიხი.
მისივე განმარტებით, ორი მოძმე ქვეყნის გადამტერებას მესამე ძალა ცდილობს, რაც, გადაწყვეტილებების მიღებისას, მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ.
„ქვეყნებს, რომელთა 20% ოკუპირებულია, მესამე ძალა უფუჭებს ურთიერთობებს. ერთმანეთის გადაკიდებას ცდილობენ. საქართველო და აზერბაიჯანი მოკავშირე ქვეყნებია, ორივეს ერთი პრობლემა გააჩნია, ორივე ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ამ ფონზე, ხდება ისეთი პრობლემის წარმოჩენა, რაც ამ მოკავშირე ქვეყნებს ერთმანეთთან აპირისპირებს. მხარეებმა ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომ არცერთი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესი დაზიანდეს და შეიბღალოს. არ უნდა დარჩეს არცერთი მხარე უკმაყოფილო. ეს არის მესამე ძალის ჩარევის შედეგი, რათა გადაფაროს ის ძირითადი პრობლემა, რაც ორივე ქვეყანას აქვს და უფრო მეტიც, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს დაუპირისპიროს.“, – განაცხადა საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა.