„საქართველოს აშშ-დან დახმარება 15%-ით შეუმცირდება, რაც „საშინელი განაჩენია“ – გიორგი ვაშაძე

-„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს. აშშ-დან, „ქართული ოცნების“ მავნებლური რეჟიმის მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე, 15%-ით შეგვიმცირდება დახმარება. ეს აღარ არის უკვე საგანგებო განცხადება, ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს. სამი მთავარი მიზეზი, რისთვისაც არის ეს სანქციები –  ეს არის დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა. სასამართლო არჩევნები და ა. შ. მეორე არის საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია, განსაკუთრებით ზედა ეშელონებში და მესამე – ეს არის ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელის შეშლა ქვეყანაში.

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი, არის რეჟიმი, რომელმაც ფაქტობრივად, განადგურების ზღვარზე მიიყვანა სახელმწიფო ინტერესები. ამერიკის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის მუდმივ  სიღარიბის ჭაობში ჩახრჩობას ნიშნავს, დემოკრატიის განვითარების ხელყოფას და ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას საქართველოში, როგორიცაა რუსეთის ფედერაციაში. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ გვაქვს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ.  ვაპირებ, ბოლომდე შევებრძოლო რეჟიმს, რომელიც დაამყარა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში. საქართველოს აშშ-დან დახმარება 15%-ით შეუმცირდება, რაც „საშინელი განაჩენია“, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ სანქციების გატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია:

საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.

დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

კომენტარები