საქართველოს ბულბული – ვანო სარაჯიშვილი!

საქართველოს ბულბული – ვანო სარაჯიშვილი!

“ამბობენ, რომ საზღვარგარეთ გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო თავის კარიერაში, მაგრამ მან ევროპაში ცხოვრებას, სამშობლოში დაბრუნება არჩია. 45 წლის ასაკში გარდაიცვალა და ოპერაში – “აბესალომ და ეთერი” უფლისწულის პარტია მისი გედის სიმღერა გამოდგა…

…გიმნაზიაში სწავლისას, სალამურზე ხშირად უკრავდა და გარშემო მყოფებს ართობდა. 1900-1901 სასწავლო წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ყაზარმა თბილისში იყო და ვანოს ხელი არ შეშლია, მეგობარს, სანდრო კავსაძეს, გაჰყოლოდა გუნდში, რომელთან ერადაც ვანომ მთელი საქართველო სიმღერით მოიარა.

მალე ვანოს ნაცნობ-მეგობრებმა მომღერლის ნიჭის შემფასებლად ილია ჭავჭავაძეს უხმეს, რომელმაც მოკლედ მოჭრა: “უსათუოდ უნდა გაიგზავნოს სასწავლებელში, დახმარება დაენიშნება”. მართლაც, ცოტა ხანში მატარებელი ვანოს რუსეთისკენ მიაქანებდა.

ვანოს 25 წელი ჯერაც არ შესრულებოდა, როცა აკაკი წერეთლის ვაჟმა ალექსანდრემ თავის დასში მიიწვია და რთული საოპერო პარტიების შესრულება ანდო… იტალიური საოპერო სკოლისკენ გზა კი პროფესორ პანაევა-კარცევას მოწაფეობისას გაიკვლია. იტალიურ დასში ვანოს დებიუტი “ტრავიატაში” ალფრედის პარტიით შედგა.

იტალიაში მაესტრო კასტელანოსა და თავისი ნიჭის წყალობით, ვანო საუკეთესო ბელკანტოდ აღიარეს და იქვე “სარაჯინად” მონათლეს.
იმხანად მილანში ქართველი მომღერალი ელენე თარხნიშვილი ცხოვრობდა. სწორედ მის სახლში გამართულ საღამოებზე დაუახლოვდა ვანო მსოფლიოში განთქმულ მომღერლებს: ფიოდორ შალიაპინს, ჯირალდინის, ტიტო რუფოსა და სხვებს.

თურმე გრიმის წასმა არ ჰყვარებია. შინაურებში ხუმრობდა, კიდეც “ერთ მსუბუქ მურს გადვისობ და თვალის თამაშით ისეთ ოტელოს წარმოგიდგენთ, რომ ყველა ქალი თავისი ქმრის შიშით კვდებოდეს”…

ყველა ფიქრობდა, რომ ვანო ევროპაში დარჩებოდა, მაგრამ ის დიდი ხნით სხვაგან ვერ ძლებდა და დროდადრო სამშობლოში ბრუნდებოდა.
საზღვარგარეთ სახელმოხვეჭილი სარაჯიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვიეს. ის მთავარ პარტიებს ასრულებდა ოპერებში: “ქეთო და კოტე”, “ლეილა”, “ღალატი”, “დაისი” და სხვა.

1923-1924 წლების სეზონი “აბესალომ და ეთერით” დაიხურა. ვანომ თავისი საყვარელი აბესალომის პარტია უკანასკნელად იმღერა…1924 წლის ნოემბერში კი მძიმე დაავადებით გარდაიცვალა…”

საბედნიეროდ, შემორჩენილია მისი გენიალური ხმის ჩანაწერი, რომელიც ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს და მსმენელს საოცარი აღმაფრენით ავსებს!

კომენტარები