„საქართველოს ენერგოსისტემის უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის ენერგომოხმარება სრულად დაბალანსდეს ადგილობრივი გენერაციის შესაძლებლობებით. საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა“ – ზურაბ ნოღაიდელი

ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა:

-„მუდამ ვამბობ და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, „ელ გრინის“ ძირითადი მიმართულება აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტია მესამე ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში და თუ საჭიროა, ასევე საქართველოში. როგორც ჩანს, ზოგიერთ პოლიტიკოსს ან მართლა არ ესმის რეალობა, ან თავს იტყუებს და საზოგადოებაც შეცდომაში შეჰყავს, როცა „ელ გრინს“ იმ იმპორტიორ კომპანიათა შორის მოიხსენიებს, ვინც, შესაძლოა, ანტიჰესების კამპანიას ლობირებდეს, რადგან მცდარად ითვლება,-  ერთი შეხედვით, იმპორტიორებს ხელს არ უნდა აძლევდეს საქართველოში ადგილობრივი გენერაციის განვითარება.
„ამგვარი ხედვა, „ელ გრინის“ შემთხვევაში, არის ძირშივე მცდარი. უფრო შორსაც მიდიან და ამბობენ, „ელ გრინი“ რუსეთიდან აწარმოებს ელექტროენერგიის იმპორტს, რომ ძვირად შემოაქვს დენი საქართველოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

სრული პასუხისმგებლობით და მკაფიოდ ვამბობ,  ამ საჯარო განცხადებით, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, – არც „ელგრინს“ და არც მის დამფუძნებელს, სულხან პაპაშვილს, არასოდეს შემოუტანია და არ შემოაქვს რუსული ელექტროენერგია საქართველოში. ჩვენ შემოგვაქვს ყველაზე იაფად ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან.

კომპანიის დამოკიდებულებას საქართველოში დამატებითი ენერგოსიმძლავრეების შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით მოხდება მარტივი განმარტების გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ „ელ გრინის“ პოზიციას – ჩვენ მიგვაჩნია, – საქართველოს ენერგოსისტემის უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის ენერგომოხმარება სრულად დაბალანსდეს ადგილობრივი გენერაციის შესაძლებლობებით. საქართველო უნდა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი ქვეყანა. საამისოდ მცირე და საშუალო ენერგოპროექტები საკმარისი ვერ იქნება. საამისოდ საჭიროა მსხვილი ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, პირველ რიგში, ჰიდროპროექტების, ნამახვანის, ხუდონის და ნენსკრას მსგავსი ჰიდროპროექტების, მარეგულირებელი სადგურების პროექტების განხორციელება“.

კომენტარები