საქართველოს ზოჰრაბ მნაცაკიანი ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკლაიანი სომეხ კოლეგას ზოჰრაბ მნაცაკიანს შეხვდა. ზოჰრაბ მნაცაკიანი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი.
„მინდა მივესალმო ჩვენს მეგობარს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თბილისში. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რაც არის ხაზგასმა იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ჩვენი ისტორიული, მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. გვქონდა უაღრესად შინაარსიანი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი საკითხი, ასევე ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია მრავალმხრივი ფორმატებისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს და იმ მნიშვნელოვან პოზიციას, რაც სომხეთს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის უჭირავს.
“ძალიან მნიშვნელოვანია იმ დადებითი, პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიური მიმართულებით ვითარდება. მოგეხსენებათ, რომ სომხეთი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მნიშვნელოვან მოწინავე პოზიციებზე. საგრძნობლად არის გაზრდილი სომხეთიდან ვიზიტორების ნაკადი. ისტორიულად ჩვენს შორის ყოველთვის არსებობდა უაღრესად მეგობრული , მჭიდრო ურთიერთობები და ამის შემდგომი განვითარება უაღრესად პრიორიტეტული და აქტუალურია”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებულია აქტიური კომუნიკაცია, რაც აისახა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაში. მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური სამთავრობო კომისიის საქმიანობა და გამოთქვა მზაობა ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
“მინდა ჩემი კმაყოფილება გამოვთქვა, იმ დადებითი დინამიკისთვის, რაც არსებობს ჩვენ ურთიერთობებში. ჩვენი პრემიერ მინისტრები ძალზედ აქტიურ დიალოგში არიან ერთმანეთში, იყო რამდენიმე ვიზიტი. ჩვენი პრეზიდენტებიც აქტიურად ურთიერთობენ, რამდენიმე კვირის წინ იყო სომხეთ-საქართველოს მთავრობათშორისი კომისიის მეათე სხდომა, რომელიც ძალზედ შინაარსიანი იყო და ბევრი საკითხი მოიცვა. ჩვენ, ვცდილობთ სხვა წრეების დაკავშირებასაც, კერძოდ მნიშვნელოვანია ბიზნეს წრეების დაახლოება, ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტთაშორისი ურთიერთობის პლატფორმაც, ჩვენ როგორც საგარეო საქმეთა უწყებები ყველანაირად ვცდილობთ აქტიურ ფაზაში იყოს ორმხრივი ურთიერთობები”, – განაცხადა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.
ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს. ის ასევე ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და შეხვდება სომხური დიასპორის წარმომადგენლებს.

კომენტარები