საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი 2020 წლიდან ახალ შენობაში განთავსდება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი 2020 წლიდან ახალ შენობაში განთავსდება.

ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 8,5 მლნ ლარს აჭარბებს. ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციული სათავსები. მუზეუმის პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთობლივი მუშაობით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე რეგიონული განვითარების მესამე პროგრამის ფარგლებში მომზადდა. პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, რომელშიც მუზეუმოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტია დაცული. პროექტის ფარგლებში არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის – „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოებიც ტარდება. მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყობა და აღიჭურვება გარე განათებით, ავტოსადგომით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით. თანამედროვე სამუზეუმო სივრცეში განთავსდება 23 ათასამდე არქეოლოგიური არტეფაქტი. ახალ მუზუმში დაიდებს ბინას სამუზეუმო კოლექციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი – ძვირფასი ლითონების კოლექციაც, რომელიც ამჟამად ეროვნულ მუზეუმშია დროებით წარმოდგენილი. პროექტი კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ არქიტექტორ ზაზა იაშვილის ავტორობით მოამზადა. ფიზიკურ სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯავა“ ანხორციელებს. მცხეთის ყოფილი კინოთეატრი 1960-იან წლებში აიგო არქიტექტორ გ. ჯაბუას ავტორობით და მეოცე საუკუნის არქიტექტურის საინტერესო და ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი შენობა 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ამ პერიოდიდან უწყება მის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტზე მუშაობს.

კომენტარები