საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.

სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში.

კომენტარები