საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რვა ერის“ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, ყველაზე პრესტიჟულ, „რვა ერის“ სარაგბო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

ცნობილია „ბორჯღალოსნების“ მეტოქეთა ვინაობა. გახსნით შეხვედრას 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ლონდონში, ინგლისის წინააღმდეგ გამართავს. 21 ნოემბერს, მეორე მატჩში „ბორჯღალოსნების“ მეტოქე უელსის ნაკრები იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში  საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს ირლანდიას დაუპირისპირდება. ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ ნახევარფინალურ მატჩს დეკემბერში გამართავენ.

საქართველოს რაგბის კავშირი ინფორმაციას ავრცელებს:

-„სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.

მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც უამრავი პრობლემა შეუქმნა მთელ მსოფლიოს, მათ შორის სპორტს და, კერძოდ, რაგბის, გაუქმებულია თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირი და ტესტ-მატჩი, ქვეყნების უმრავლესობაში შიდა ჩემპიონატებიც კი ვერ დაუწყიათ, ამ დონის ტურნირზე მიწვევა ქართული რაგბისთვის უდაოდ დიდი აღიარებაა. დღეს ასრულდა ქართული სარაგბო თემის მრავალი თაობის და გულშემატკივრების ოცნება, დაფასდა ყველა თაობის მოთამაშეების, მწვრთნელების და სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა და თავდადება.

ამ ტურნირში მონაწილეობის შანსი საქართველოს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა ევროპაში ჩამოსვლაზე. გაჩენილ ვაკანსიაზე „6 ერის“ მესვეურებს საკმაო არჩევანი ჰქონდათ. გავიხსენოთ თუნდაც ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები. საბედნიეროდ, საბოლოო არჩევანი საქართველოზე გაკეთდა, რისთვისაც „6 ერს“ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მადლობა ეკუთვნის „მსოფლიო რაგბისაც“ საქართველოს მხარდაჭერისთვის.

-„უდიდესი სიხარულით მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას ეს საამაყო ამბავი, – ჩვენი მორაგბეების მონაწილეობა „რვა ერის“ პრესტიჟულ ტურნირში. ეს არის ჩვენი რაგბისა და მთელი ქართული სპორტის უდიდესი საერთაშორისო აღიარება და ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში რაგბი კარგად ვითარდება და ახალ მწვერვალებს იპყრობს. რაგბის წარმატება დიდწილად ეფუძნება ფონდ „ქართუს“ და სახელმწიფოს უდიდეს მზრუნველობას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები