საქართველოს პრეზიდენტი ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სასკოლო ექსკურსიაზე მოზარდის დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და არასრულწლოვნის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა გააკეთა.
როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალი თაობა ეცნობოდეს და სწავლობდეს ჩვენს ქვეყანას, მის ღირშესანიშნაობებს, თუმცა, ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია, სრულად იყოს დაცული მოზარდის უსაფრთხოება.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა არსებულ სტატისტიკაზეც გაამახვილა ყურადღება.
„უკანასკნელი ორი წლის სტატისტიკა ექსკურსიებზე დაღუპული და დაშავებული სკოლის მოსწავლეების შესახებ საკმაოდ შემაშფოთებელია. ამიტომაც, აუცილებელია, ასეთ დროს უსაფრთხოების სპეციალური რეგლამენტით ვიხელმძღვანელოთ. ეს ეხება, პირველ ყოვლისა, მოსწავლეებს, თუმცა ასეთი რეგლამენტი საჭიროა, მივაწოდოთ ჩვენი ქვეყნის ვიზიტორებსაც“, – აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს ლაგოდეხში, “ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი მაშველებმა იპოვეს.