„საქართველოს რკინიგზა“ ქუთაისში, რკინიგზის ორი თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“, 17 სექტემბერს ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს რკინიგზის ორი თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„კომპანია კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას, უსამძიმრებს ოჯახებს და აცხადებს, რომ მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ.

სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ „საქართველოს რკინიგზაა“, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს „საქართველოს რკინიგზის“ კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, „საქართველოს რკინიგზის“ კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური.

 პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული“.

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მეცხრე ჩიხში ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ისინი “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები არიან. დაშავდა ერთი პირი. ქუთაისში, ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კომენტარები