საქართველოს საპატრიარქო 17 მაისს თბილისს აკურთხებს

17 მაისს საქართველოს საპატრიარქო ილია II-ის ლოცვა კურთხევით თბილისის ქუჩებს დალოცავს. მსვლელობა ქალაქში 5 სხვადასხვა მიმართულებით გაიმართება.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ითვალისწინებს პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და წელსაც თავს იკავებს საყოველთაო მსვლელობისა და ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან.

მოძღვრები 11:00 საათზე შეიკრიბებიან წმ. სამების საკათედრო ტაძარში და შედგება წყლის კურთხევა (მცირე აიაზმა); შემდეგ კი ისინი მანქანებით ხუთი მიმართულებით გაემგზავრებიან, რათა აკურთხონ მოსახლეობა და ქუჩები”. – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2014 წელის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მოსახლეობის ნაწილი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მცირერიცხოვანი აქცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურობით ათასობით ადამიანმა დაარბია. მათ არაერთ მონაწილეზე იძალადეს. 2014 წლიდან საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ყოველწლიურად აღნიშნავს.

 

წყარო: “tabula.ge”.

კომენტარები