„საქართველოს ჰყავს ძლიერი ოპოზიცია, დაანახა საზოგადოებას, როგორ შეუძლია, ერთიანად ებრძოლოს რეჟიმს, რომელიც ანადგურებს ქვეყანას“ – ზაალ უდუმაშვილი

– „დღეს საქართველოს ჰყავს ძლიერი ოპოზიცია, მან დაანახა საზოგადოებას, როგორ შეუძლია, ერთიანად ებრძოლოს რეჟიმს, რომელიც ანადგურებს ქვეყანას. ვერანაირი მესამე ძალა ვერ შეიქმნება ხელოვნურად, თუ ეს არ მოხდა ბუნებრივად. ჯერჯერობით, ოპოზიცია მწყობრად განაგრძობს ბრძოლას, ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ფაქტი ისაა, – დღეს მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც დიდი საშიშროება აქვს ამ ფორმით განაგრძოს მუშაობა. ივანიშვილს სურს, ჰყავდეს მორჩილი ოპოზიცია, როგორც ჰყავს მორჩილი „ქართული ოცნება“. თავად განაცხადა, – „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს,  გადავიდეს ოპოზიციაში. ამას კარგად გრძნობს, მას აქვს ეს ინსტიქტები განვითარებულ, კარგად იგრძნოს მოახლოებული საფრთხე. ახლა ამას როგორი ლამაზი ფორმით მიაწოდებს საზოგადოებას, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იცის. ამას ემსახურება ის, რომ ცდილობს დისტანცირება მოახდინოს „ქართული ოცნებისგან“, არ დაერქვას სახელი, დამარცხებული წავიდა.  რაც გუშინ მოვისმინე,  ეს ინტერვიუ მომართული იყო იმისკენ, რომ „ქართული ოცნება“ იყო ადრესატი და არა საზოგადოება. მან რამდენჯერმე გაიმეორა,  ყველაზე მეტად ეშინია ერთმანეთს არ დაერიონ და არ დაჭამონ ერთმანეთი, აქამდე თუ თავად არეგულირებდა კონფლიქტურ ვითარებებს, ახლა რეალური შანსი არსებობს დაიწყოს ბრძოლა გავლენებისთვის და ჩამოიშალოს ეს ხელისუფლება. არ ვიცი, რამდენად დისტანცირებული იქნება ამ პროცესებისგან, მაგრამ, ფაქტი ერთია, თავად რღვევა გარდაუვალია. ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს.

ვნახეთ, ოპოზიცია როგორ შეიქმნა, როდესაც სამი ადამიანი შეიყვანეს პარლამენტში და მათ დაარქვეს ოპოზიციონერები. ზოგადად, ეს არ არის წასვლა, რასაც ივანიშვილი ამბობს. ეს არის გაქცევა, პასუხისმგებლობის გადაბარება სხვა ადამიანებისთვის. ერთი მხრივ, მას არ უნდა, დამარცხებულის გვირგვინით გავიდეს ამ ბრძოლიდან და მეორე ის, რომ, დიახაც, ეშინია, რადგან ყველაზე კარგად ბიძინა ივანიშვილმა იცის, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. ყველაზე კარგად მან იცის,  საქართველოს მოსახლეობამ ზურგი შეაქცია. ამიტომ, ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას და საკუთარი ფინანსური რესურსების მობილიზება მოახდინოს, რომ არ დაემუქროს რაიმე საფრთხე. ივანიშვილი წავიდა თუ არ წავიდა, სად წავა, ლონდონში იქნება თუ თბილისში, ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რადგან რა მდგომარეობაშიც არის დღეს ქვეყანა, ამაზე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი.

რვა წელია გვესმის, – „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაქრეს. ზოგადად, ივანიშვილს ოპოზიცია არ მოსწონს. მას უნდა, რომ იყოს ახალი ოპოზიცია, მაგრამ ოპოზიცია ასე ხელოვნურად ვერ შეიქმნება, რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი, რაც არ უნდა, რესურსები ხარჯოს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები