„საქართველოში ბოლშევიკების და კომუნისტების მერე არავის გაუკეთებია იმდენი რუსული საქმე, რამდენიც სააკაშვილის ხელისუფლებამ“ – ირაკლი ბერაია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია The American Spectator-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა:

-„ავტორი საკმაოდ სამართლიანად და სწორად აღნიშნავს საქართველოს პროგრესს ჩვენი ქვეყნის განვითარების და წინსვლის მიმართულებით. საქართველო ავითარებს თავის ეკონომიკას, ამტკიცებს დემოკრატიას და სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს და საკმაოდ მკაფიოდ არის ეს ხაზგასმული ამ სტატიაში.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამოხტომებს, ვიტყოდი, – ეს არის ერთი ჩვეულებრივი გაკოტრებული ავანტიურისტი, მის დროს საქართველოში დანაშაულებრივმა რეჟიმმა მისი ხელმძღვანელობით გააკეთა ყველაზე მეტი რუსული საქმე. როდესაც მოხდა ჩვენი რეგიონების ოკუპაცია, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ და როდესაც რუსული სამხედრო კონტინგენტის საქართველოში დაბრუნებით რეგიონში მთლიანად შეიცვალა უსაფრთხოების ბალანსი არამარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების სასიცოცხლო ინტერესების საზიანოდ. არავის საქართველოში, ბოლშევიკების და კომუნისტების მერე,  იმდენი რუსული საქმე არ გაუკეთებია, რამდენიც სააკაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა“.

გამოცემა The American Spectator სტატიას აქვეყნებს,სათაურით – „ოდესღაც და მუდამ შარიანი სააკაშვილი”.

კომენტარები