საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

მთავრობის კანცელარიაში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე სპეციალური ბრიფინგი გამართა.

-„საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

დაავადებული საქართველოს მოქალაქეა. 50 წლის მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ლუგარის ლაბორატორიიდან ინფორმაცია, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა. მამაკაცი აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ის გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში. მსურს მოგახსენოთ, რომ საბაჟო ზოლზე შემოწმდა მოქალაქე, ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომელიც იმყოფებოდნენ სრულიად ეკიპირებულები, ვინაიდან მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ასრულებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას. ეს ამცირებს მათი დაავადების რისკს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში.

პრემიერ-მინისტრთან შევხედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ირანში მიმოსვლა 2 კვირით შეიზღუდება, როგორც ირანის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიის საფრთხე.

მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია. რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ პრემიერთან საგანგებო საბჭოს შეხვედრა, სადაც მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცეები, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფოს სივრცეები“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები