„საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება“

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

-„კორონავირუსის ვაქცინაციის წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. ამისთვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნება. მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ, მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში და რომელიც დღესდღეობით ფართოდ არის მსოფლიოს მასშტაბით ხელმისავდომი.

ეს კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი.

დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და ასევე, მათ არჩევანს უფრო მეტად გააფართოვებს. ეს არის ვებპორტალი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე, სადაც მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება მიეცემათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

საქართველოში კორონავირუსის 285 645 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 547, გარდაიცვალა 3 840 პაციენტი.

კომენტარები