საქართველოში მაყვლის ყველაზე დიდი ბაღი გაშენდა – მორიგი ძალიან წარმატებული მეურნეობა

სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში, შპს „ზზ ჯგუფმა“ კენკრის ბაღი გააშენა და პირველი მოსავალიც აიღო. მაყვლის მოსავლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ.

„ჩვენი პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში მორიგი ძალიან წარმატებული მეურნეობა შეიქმნა. ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი მაყვლის ბაღი, რომელიც 12 ჰექტარზეა გაშენებული. ბოლო წლებში კენკროვნების მიმართულება ქვეყანაში ძალიან პოპულარული გახდა და აქტიურად ვითარდება, თუმცა ჯერ საწყის ეტაპზე ვართ და ძალიან ბევრ რგოლს სჭირდება ხელშეწყობა. ფერმერებს სჭირდებათ ახალ ტექნოლოგიებთან წვდომა, აგრონომთა მხრიდან კონსულტაციები. რომ არა პანდემია, წელს უკვე გვეყოლებოდა უცხოელი კონსულტანტები კონკრეტული დარგობრივი კულტურების, მათ შორის, კენკროვანის მიმართულებებით. 2021 წლიდან, ამ პროგრამებს ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კენკროვანი კულტურის მოსავლის დაბინავების კუთხით, შემნახველი ინფრასტრუქტურის გამართული მოწყობისათვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„მოსავლის დაბინავება უნდა ხდებოდეს შესაბამისი სამაცივრო, გამაგრილებელი, შემნახველი ინფრასტრუქტურის პირობებში. ამისთვის ჩვენ გვქონდა კოოპერატივებისთვის თანადაფინანსების კომპონენტი. ინდივიდუალური მეურნეობებისთვის ეს კომპონენტი 2021 წლიდან ამოქმედდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ზზ ჯგუფმა“ კენკრის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98, 587 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 71, 099 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 27, 488 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. ბაღში 20 ადგილობრივია დასაქმებული.

კომენტარები