„საქართველო არა მარტო ინვესტიციებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის არის საუკეთესო ქვეყანა, არამედ ის ღვინის სამშობლოცაა. ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში“
22 ოქტომბერს, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად გაიხსნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა:
„ჩვენთვის დიდი პატივია, მესამედ ვუმასპინძლოთ თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელზეც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა.
ფორუმის ფარგლებში ჩანიშნულია 300-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრა, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გიორგი გახარიამ, გამოსვლაში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებთან ერთად, ხაზი გაუსვა ქართული მასპინძლობის კულტურის უნიკალურობას მსოფლიოში.
საქართველო არა მარტო ინვესტიციებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის არის საუკეთესო ქვეყანა, არამედ ის ღვინის სამშობლოცაა და ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში, რადგან მასპინძლობა ჩვენს გენშია. ამიტომ, აბრეშუმის გზის ინიციატივის ყველა მონაწილე ქვეყანას ვთავაზობ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სადღეგრძელოს. ეს იმ ქვეყნის სადღეგრძელოა, სადაც ისტორია და ტრადიციები ქმნის მომავალს“.