„საქართველო აღარ გვექნება, თუ ხმა არავინ ამოიღო, რამდენჯ ერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე?“ – ლევან ზურაბაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის სასამართლო პროცესზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

-„რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია, რამდენი დედაა ასე? ხვალ, ზეგ აღარ გვექნება საქართველო, თუ ხმა არავინ ამოიღო. რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე?“ – მიმართა დედას ლევან ზურაბაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

-„დედა ხომ გინდა ცოცხალი გყავდეს”, – ამ სიტყვებით მიმართა ზურაბაშვილს დედამ.

-„კანონები უნდა შეიცვალოს.პროკურორი სულ ამბობს შესაძლოა, შესაძლოა, ამას იძახით სულ, მაგრამ რეალურად ნახევარი საქართველო დაიღუპა ამ პრობლემებით წლების განმავლობაში. ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, ყველა ჩვენ, თქვენი შვილები, ყველა იღუპება. რამდენს მოუკლავს თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა. ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, 4 საათი იქ ვიყავი, ტელევიზია არ მოსულა, როგორ მელაპარაკა აბა, ლაპარაკობდა პარტიის წარმომადგენელი და ამდენი წელია, პოლიტიკაშია, მაგრამ უსმენენ? შეიძლება, ბევრი არ თამაშობდეს, მაგრამ მათი შვილები, ძმები, იღუპება თაობები. გამწარებული ხალხი, გაჭირვებული თქვენს გულამდე არ მიდის? მე გავისტუმრე ვალები. სამუდამო მომეცით, მიღირს. მე აღარ ვთამაშობ, ცოდო ვართ, გადარჩეს ერი და კანონები შეიცვალოს. არ არსებობს ოჯახი, წამალი არ სჭირდებოდეს, ყველაფერი ძვირი ღირს – პამპერსი, წამლები. კი არ ვმრავლდებით და ვვითარდებით, უკან-უკან მივდივართ. ჩვენზეც იზრუნონ, ხალხზე. ყველამ ჭამა ფული და ახლა ჩვენზე იზრუნონ“, – განაცხადა ლევან ზურაბაშვილმა.

წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა, 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

კომენტარები