საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორის მოხვდა

პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორის მოხვდა.

საქართველოს ასეთი მნიშვნელოვანი წარმატების მთავარი ინდიკატორებია მაღალტექნოლოგიური იმპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი და სამრეწველო ნიმუშების დიზაინი.

„ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს ადგილი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინოვაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ გარდამტეხი ნაბიჯები გადადგა. გასათვალისწინებელია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე აუმჯობესებენ საკუთარ მაჩვენებელს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უფრო სწრაფი და ეფექტიანი აღმოჩნდა. საქართველო ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული განათლების რეფორმა, რომელიც გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 6%-ის მიმართვას განათლებაზე, მეცნიერებასა და ინოვაციებზე, აისახება 2020 წელს  გლობალური ინოვაციების ინდექსში და ეს საქართველოს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს. მთავრობის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი რეფორმები იძლევა ქვეყნის კიდევ უფრო წინსვლის საფუძველს. იმედი გვაქვს, რამდენიმე წელიწადში მოვახერხებთ საუკეთესო 20 ქვეყანას შორის მოხვედრას. ინდოეთში გამართულ ღონისძიებაზე საქართველო ხაზგასმით იქნა აღიარებული, როგორც არამარტო ლიდერი ქვეყანა რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ინოვაციების მიმართულებით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.

ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.

 

კომენტარები