„საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეული თავმჯდომარეობა გაწიოს და მინისტერიალი ჩავატაროთ ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს თავმჯდომარეობას“ – დავით ზალკალიანი

-„საქართველო მჭიდრო კოორდინაციაშია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან მაისში დაგეგმილი მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებზე.

 საქართველო მინისტერიალის ორგანიზებას მოახდენს ევროპის საბჭოს წესდების თანახმად და ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.

ჩვენი პოზიცია ცნობილია – საქართველო როგორც თავმჯდომარე ქვეყანა იმოქმედებს ორგანიზაციის წესდების და პროცედურების შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოს მინისტერიალის მაღალ დონეზე ჩატარება.  ჩვენთვის მთავარი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებია და ის აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეული თავმჯდომარეობა გაწიოს და მინისტერიალი ჩავატაროთ ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს თავმჯდომარეობას. სპეკულაციებზე, თუ ვინ როგორ ჩამოვა, ამაზე ძალიან ადრეა საუბარი, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში ურთიერთობას და მერწმუნეთ, რომ ყველაფერი ჩატარდება ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. 

მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დაგეგმილია ქართული მხარის რაიმე სახის შეხვედრა რუსეთის დელეგაციასთან.

14-16 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.

კომენტარები