სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს მთის გაძლიერება წარმოადგენს

დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და  ყაზბეგის  მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული  შალვა კერესელიძე  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა.
„ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივიღე. მოსახლეობის ძირითად საჭიროებებს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საგანმანათლებლო დაწესებულებების კეთილმოწყობა წარმოადგენს. აღნიშნული საჭიროებების უზრუნველსაყოფად ჩვენ, შესაბამის უწყებებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ.

სრულად განახლდება შატილის, ბარისახოსა და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 12 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლიდან, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ განათლება კეთილმოწყობილ გარემოში მიიღონ. რეაბილიტაცია უტარდება წყალმომარაგების სისტემებს ბაზალეთის, ბარისახოს, ჟინვალისა და ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ინტენსიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ანანურში. ასევე, რეაბილიტირდა შიდა გზები ქალაქ დუშეთში.

სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს მთის გაძლიერება წარმოადგენს. რეგიონის მთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი პროგრამა და პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს სათემო ინტერნეტიზაცია, რომლის ფარგლებში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობები დაიფარება. გრძელდება ჟინვალი-ბარისახო-შატილისა და როშკა-არხოტის გზების რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გუდამაყრის გზასაც. ხეობებში ასევე დაგეგმილია ამბულატორიების მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება. მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიზანია მთიანი დასახლებების გამოცოცხლება, წასული მოსახლეობის დასაბრუნებლად შესაბამისი პირობების შექმნა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდა“ – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 

კომენტარები