სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა, თუმცა თანხების გადარიცხვა კვლავაც გრძელდება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ კომპენსაციის მიმღები 245 421 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა. მათგან 160 161 მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია, სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ინფორმაციით, 200 ლარის ოდენობით აპრილის თვის კომპენსაცია ჩაერიცხა 90 131 პირს; მაისის თვის – 135 670 პირს, ივნისის – 118 058 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს დღის ბოლოს იწურება. სააგენტო განმარტავს, რომ უკვე რეგისტრირებულ პირებსაც მიეცათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ 2020 წლის პირველ აგვისტომდე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა 35 564 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 28 717-ს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, რაც 8 615 100 ლარს შეადგენს.

წყარო:

Bidzina Ivanishvili & Media
კომენტარები