სენატში „დემოკრატების“ ლიდერი ტრამპის წინააღმდეგ აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებას ითხოვს

სენატში „დემოკრატების“ ლიდერი, ჩაკ შუმერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებას ითხოვს.

-„გუშინ, რაც აშშ-ის კაპიტოლიუმში მოხდა, აშშ-ის წინააღმდეგ ამბოხი იყო და  პრეზიდენტმა წააქეზა. ეს პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა სენატორმა ჩაკ შუმერმა.

აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების მეოთხე ნაწილის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის უმრავლესობას, ან სხვა ორგანოს, რომელსაც ამის უფლებამოსილებას კონგრესი მიანიჭებს, შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს ორი პალატის ლიდერებს აცნობოს, – პრეზიდენტი ქმედუუნაროა, უფლებამოსილების შესრულება არ შეუძლია.

შესწორების ეს ნაწილი პრაქტიკაში არასდროს ამოქმედებულა. დონალდ ტრამპს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ეწურება, როდესაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია შედგება.

6 იანვარს ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. რეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

25-ე შესწორების ამოქმედებას რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერიც ითხოვს.

 

კომენტარები