სენსაცია: სინგაპურში დახლებზე ხელოვნური ხორცი გამოჩნდა. ხორცი პირდაპირ, ლაბორატორიაშია გაზრდილი!

სინგაპურმა ამერიკულ კომპანია Eat Just-ს საკუთარ ტერიტორიაზე ხელოვნური ქათმის გაყიდვის  ნებართვა მისცა. ის  არის პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.

კულტივირებული ფრინველის ხორცი გაზრდილია ლაბორატორიაში ქათმის უჯრედებიდან, რომლებიც სპეციალურ საკვებ არეშია განთავსებული. დახლებზე ეს პროდუქცია Good Meat ბრენდით გამოჩნდება და ხელოვნური ხორცი სინგაპურის ტერიტორიაზე პრემიუმ-კლასის ქათმის ფასად გაიყიდება.

Reuters –ის ინფორმაციით ალტერნატიულ ხორცზე  მოთხოვნილება, საზოგადოდ, იზრდება  ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის, ცხოველთა უფლებებისა და ეკოლოგიის გათვალისწინებით. ეს საკითხი  სინგაპურში განსაკუთრებით აქტუალური გახდა  პანდემიის პირობებში, როდესაც მოსახლეობის გამოკვების წყაროები გადაიხედა.

კულტივირებული ხორცი ბაზარზე ფეხმოკიდების პირველ ეტაპზეა, რადგან მისი წარმოება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ხელოვნური ხორცის წარმოების პროცესში ფრინველებს ზარალი არ ადგებათ. კულტივაციისთვის უჯრედებს ბიოფსიით იღებენ, კულტივირების შემდეგ ეს უჯრედები გადააქვთ ბიორეაქტორში, რომელშიც  შეჰყავთ ცილების, ამინმჟავების, მინერალების, შაქრების, მარილებისა და სხვა საკვები ნივთიერებების დაპატენტებული ნარევი.

უჯრედებს სათანადოდ გამკვრივების შემდეგ  იღებენ – წერს Tech Crunch.

Eat Just -ის  განცხადებით – ანტიბიოტიკები ამ წარმოებაში არ გამოიყენება, ხოლო მიკრობიოლოგიური  შედგენილობით, კულტივირებული ქათმის ხორცი ჩვეულებრივ (ბუნებრივ) ხორცზე  უფრო სუფთაა.

თინათინ გოცაძე

კომენტარები