ჩაფიძის გულის ცენტრში პაციენტს უპრეცენდენტო მოცულობის ოპერაცია ჩაუტარეს

ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, რომელსაც ავთო ჯორბენაძე და მისი ღირსეული შთამომავლობა ხელმძღვანელობენ, სიცოცხლისკენ არაერთი პაციენტი მოუბრუნებიათ, მაგრამ ამჯერად იქ ნამდვილი სასწაული მოხდა: 60 წლის მამაკაცს შვიდსაათნახევრიანი უნიკალური ოპერაციით, გულის თითქმის 2/3 გაუახლეს, ხოლო გულიდან გამომავალი თავის ტვინის მკვებავი მთავარი სისხლძარღვები პროთეზით ჩაუნაცვლეს. პაციენტი თავს შესანიშნავად გრძნობს. ის კი არა და,დღეში 2 კილომეტრამდე მანძილს საკუთარი ფეხით დადის! ვესაუბრებით ჩაფიძის გულის ცენტრის კარდიო ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ამ სასწაულის ჩამდენ პროფესორს, ზვიად ბახუტაშვილს:

– სასწაულს მხოლოდ უფალი სჩადის. ჩვენ, ექიმები – იმ ფარგლებში ვმოქმედებთ, რისი ნიჭიც უფალმა მოგვმადლა, რის საშუალებასაც უფალი ჩვენი განათლების, გამოცდილების, პაციენტზე ზრუნვის შესაბამისად გვაძლევს. რადგან ეს ოპერაცია ადამიანის ხელით გაკეთდა, პირადად მე სასწაულად არ მივიჩნევ, თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს იყო მართლაც ურთულესი და უნიკალური ოპერაცია.

– რა დაზიანებები ჰქონდა პაციენტს?

– პაციენტი ჩვენთან თავდაპირველად შუნტირების და აორტის სარქვლის შეცვლის მიზნით მოვიდა, მაგრამ ექიმების ყურადღება იმით მიიქცია, რომ აორტის რკალი და მისგან გამომავალი ბრახიოცეფალური (თავის ტვინის მკვებავი) არტერიები – მხართავის ღერო, მარცხენა საერთო-საძილე არტერია და მარცხენა ლავიწქვეშა არტერია უკიდურესად კალცინირებული, გარკვეული სახის ანთებითი პროცესის შედეგად მძიმედ დაზიანებული ჰქონდა. მარტივად რომ ვთქვათ, სისხლძარღვებში, რომლებიც რბილი და ელასტიური უნდა იყოს, ექოსკოპიამ გაქვავებული ელემენტები გამოაჩინა. შემდეგ კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა, რომ ეს მსხვილი სისხლძარღვი რკალის ჩათვლით და მისგან გამომავალი სისხლძარღვების საწყისი ნაწილები ერთიანად გაქვავებული იყოდა ამის გამო ჩვეულებრივი ოპერაცია თანდათან, სულ სხვა, კომპლექსურ და მოცულობით ოპერაციაში გადაიზარდა.

ამოკვეთილი აორტის რკალი

აორტის რკალიდან ხომ, თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები გამოდის. მოგეხსენებათ, თავის ტვინის სისხლით მომარაგების შეფერხება რამდენიმე წამითაც დაუშვებელია, რადგან შეიძლება ტვინში შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს. ოპერაციის სირთულეც სწორედ ამ დილემის გადაჭრაში მდგომარეობდა. თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვებთან ერთად აორტის რკალის შეცვლის ოპერაცია ადრეც ჩაგვიტარებია. ამჯერად გულზე აორტალური სარქველის შეცვლა და შუნტირება (2 შუნტი) გახდა საჭირო. გულზე თითოეული ეს ოპერაცია საკმაოდ მოცულობითია და ცალ-ცალკემაღალ პილოტაჟს მოითხოვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი მაღალი რისკის ოპერაციებს განეკუთვნება, რომელთა 5 % პაციენტის სიკვდილით მთავრდება. არადა, ეს ყველაფერი მხოლოდ პრელუდია გახლდათიმ ძირითადი ოპერაციის წინ, რომელიც ამის შემდეგ დავიწყეთ.

– რაში მდგომარეობს უნიკალურობა?

– საქმე იმაშია, რომ გაქვავებულ მონაკვეთში ნებისმიერი პროცედურის ჩატარება ძალზე რთულია, რადგან ყოველ წამს შეიძლება გაქვავებული მასა მოწყდეს ლოკაციას, თავის ტვინისკენ წავიდეს და შეუქცევადი პროცესი გამოიწვიოს.

სისხლძარღვების საწყისი ნაწილები ერთიანად გაქვავებული იყო

მოცულობით ოპერაციას ქირურგი როგორღაც გაუმაკლავდება, მაგრამ მთავარია, პაციენტის ორგანიზმმა გადაიტანოს ოპერაციის თანამდევი დიდი ტრავმა. მართალია, გულის გაჩერება და ხელოვნურ სისხლის მიმოქცევის სისტემაზე ორგანიზმის გადაყვანა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებით ხდება, მაგრამ ხანგრძლივად ასეთ მდგომარეობაში ყოფნა თავის მხვრივ, რიგ მავნე გავლენებს მაინც განაპირობებს. თანამედროვე მედიცინაში სხვადასხვა საშუალებათა შორის არსებობს “ღრმა ჰიპოთერმიის” მეთოდი, როცა ორგანიზმის ტემპერატურა 24 გრადუსზე ქვემოთ, ზოგჯერ, 18 გრადუსამდე შეიძლება ჩამოვიყვანოთ. ასეთ მდგომარეობაში შესაძლებელია, თავის ტვინს 20-40 წუთის განმავლობაში შევუწყვიტოთ სისხლის მიწოდება, რაც საშუალებას იძლევა, ხელოვნური სისხლის მიმოქცევაც შეწყდეს და ეს დრო ქირურგმა სისხლძარღვებზე მუშაობისთვის ოპტიმალურად გამოიყენოს, თუმცა რისკები ამ მეთოდსაც ახლავს. განსაკუთრებით რთული – პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდია, რადგან სისხლის შემადედებელი ფაქტორები იცვლება. ჩვენს შემთხვევაში მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ ვერც ერთ კომპონენტს ვერ ამოვაგდებდი – პაციენტი რამდენიმე თვეში ისევ საოპერაციო შეიქნებოდა. დავრწმუნდით, რომ შინაგანი ორგანოები წესრიგში ჰქონდა და გადავწყვიტეთ, ოპერაცია გაგვერისკა. ხელოვნურად სისხლის მიმოქცევის უზრუნველსაყოფად სისხლის მომარაგება ორი სხვადასხვა მხრიდან – ბარძაყის არტერიიდან და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიიდან გავუკეთეთ და შევძელით, რომ 32 გრადუსზე დაბლა ორგანიზმის ტემპერატურა არ ჩამოგვეყვანა, თანაც, თავის ტვინისთვის სისხლის მიწოდება არ შეგვეწყვიტა.მიდგომამ თვალსაჩინო შედეგი გამოიღო -ოპერაციის დასრულებიდან სულ რაღაც 12 საათის შემდეგ, პაციენტი კონტაქტში შემოვიდა.ჩვენს თხოვნაზე – პირი გაეღო და წყალი მიეღო – პასუხი გაგვცა, რაც ღრმა ჰიპოთერმიის (24 გრადუსამდე ორგანიზმის გაცივების) შემთხვევაში გამორიცხული იქნებოდა.

– ასეთი მასშტაბური ოპერაციის წარმატების საფუძვლად რა მიგაჩნიათ?

– საოპერაციო მაგიდასთან თითქმის 8 საათი ვიდექი, ამ ხნის განმავლობაში წუთითაც არ მქონია შესვენების საშუალება.

ზვიად ბახუტაშვილი ოპერაციის დროს

11 ანასტომოზი (სისხლძარღვების ერთმანეთთან ან პროთეზთან შეერთება) გაკეთდა, ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც პაციენტს ერთი ოპერაციის დროს, ხუთზე მეტი მანიპულაცია ჩავუტარეთ: ორი კორონარული არტერიის შუნტირება, აორტის სარქვლის, აღმავალი აორტის, აორტის რკალის, მხარ-თავის ღეროს, მარცხენა საძილე და მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის პროთეზირება!

ოპერაცია თითქმის დასრულდა. გაკეთდა 5 მანიპულაცია და 11 ანასტომოზი

იმ 7 ათას ოპერაციას შორის, რომელიც ჩაფიძის კლინიკაში გულზე ჩატარებულა, მსგავსი მოცულობის ოპერაცია არ ყოფილა. ასეთ ოპერაციებს მნიშვნელოვანი ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსები სჭირდება. წარმატებას განაპირობებს საოპერაციო გუნდი, რომელიც დაძაბულობის გარეშე მოქმედებს, რომლის წევრები იმდენად შეწყობილები არიან, ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. ქირურგი ისედაც დაძაბულია, ხელს რომ გაიწვდის, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ საჭირო ინსტრუმენტს მიაწვდიან. ოპერაციაში მონაწილე გუნდის წევრები თუ ერთმანეთში საათის მექანიზმივით აწყობილები არ არიან, მსგავსი მასშტაბის ოპერაცია არ უნდა გააკეთონ, რადგან ქირურგის რესურსი და ძვირფასი დრო მეათეხარისხოვან ნიუანსებზედაიხარჯება და შედეგად, რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაიპარება. საოპერაციოში ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსია, სამაგიეროდ, ემოციური ფონი მაღალია და თუ გუნდის რომელიმე წევრი ანსამბლიდან ამოვარდება, ოპერაციის დრო ხანგრძლივდება, სისხლის დანაკარგი მატულობს, რაც ოპერაციის საბოლოო შედეგზე უარყოფით გავლენას იქონიებს.ამიტომ, 27 ივნისს ჩატარებული ოპერაცია მარტო ჩემი კი არა, სრულიად იმ გუნდის გამარჯვებაა, რომელთან ერთადაც აგერ უკვე, 18 წლის განმავლობაში მიწევს შრომა!

-რა შეგიძლიათ გვითხრათ პაციენტის შესახებ? ვინ არის ის, რომელი სოციალურ ფენას ეკუთვნის?

– გაგეცინებათ, მაგრამ ამ პაციენტის შესახებ საპასპორტო მონაცემების გარდა არაფერი ვიცი. ვცდილობ, ოპერაციამდე პაციენტებთან ახლო ურთიერთობაში არ შევიდე, რადგან ოპერაციის დროს ისედაც მაღალია დაძაბულობის ფონი, ამას სუბიექტური შეგრძნებებიც რომ არ დაემატოს, რადგან ნათქვამია, რომ ქირურგმა საკუთარ ახლობელს ოპერაცია არ უნდა გაუკეთოს. პაციენტები ოპერაციამდე ჩემთან დამეგობრებას ცდილობენ, ჰგონიათ, ამით მეტი გარანტიები ექნებათ… მაგრამ მათ ვუხსნი, რომ პირიქით ჯობს. სჯობს, ოპერაციის დროს ობიექტური გადაწყვეტილებები უემოციოდ მივიღო, ვიდრე ემოციებით დატვირთულმა შეცდომა დავუშვა.ოპერაციის შემდეგ კი, ყოფილ პაციენტთან ჩემი ურთიერთობა მეგობრობაში ხშირად გადასულა.

– თქვენი პაციენტი ახლა როგორ არის?

– როგორც მოგახსენეთ, ოპერაციიდან 1 კვირაში სახლში გაეწერა. ამჟამად ამბულატორიულ მეთვალყურეობაზეა, დღეში 1-2 კილომეტრს დადის. შრომისუნარიანობაც ნელ-ნელა უბრუნდება.

ბოლოთქმა:

ქირურგისგან დამოუკიდებლად, ჩვენ მოვახერხეთ პაციენტის ვინაობის დადგენა, ის 60 წლის მამაკაცი, რუბენ ქართველიშვილი აღმოჩნდა:

– თავს კარგად ვგრძნობ და ამაში მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ვგულისხმობ, ის გარემო, სადაც ვარ, მეხმარება კიდევ უფრო გავიაზრო, რომ სიცოცხლისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს.

პაციენტი რუბენ ქართველიშვილი თავს შესანიშნავად გრძნობს

ოპერაციამდე 9 წლის განმავლობაში წამლებს ვსვამდი, გული დიდი ხანია მაწუხებს, თუმცა ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს მაინც მიწაზე მუშაობას ვუთმობ. ეს ის საქმეა, რომელსაც თავს ვერ ვანებებ, მიყვარს. იმ დღესაც, ყვავილებს ვრწყავდი. უეცრად თვალს დამიბნელდა, ავკანკალდი და გული წამივიდა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა აქ მომიყვანა, აღმოჩნდა რომ საოპერაციო გახლდით. არ შემშინებია, არც მინერვიულია, ერთადერთი გრძნობა რაც მქონდა, გადარჩენის სურვილი იყო.მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მომღიმარ და პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც აქ მუშაობენ, განსაკუთრებით, ბატონ ზვიად ბახუტაშვილს, მან მე სიცოცხლე მაჩუქა. ახლა ყველაზე მეტად მინდა, ჩემს საქმეს დავუბრუნდე – აცხადებს რუბენ ქართველიშვილი.

P.S. ამ უნიკალური ოპერაციის გაკეთებიდან ზუსტად ერთ თვეში, 27 ივლისს პროფესორ ზვიად ბახუტაშვილის დაბადების დღეა. “ასავალ-დასავალის” კოლექტივი გილოცავთ დღეობას, ამაგდარო დასტაქარო! მინიმუმ, კიდევ 7 ათასჯერ გაგემარჯვოთ სიკვდილზე!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები