სერგეი ლავროვი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, ბელარუსის დემონიზება შეწყვიტონ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა:

-„მინდა, დავადასტურო ის, რასაც რუსეთი ოფიციალურად ყოველთვის აცხადებდა. დაჟინებით მოვითხოვთ, შეწყვიტეთ იმ ხალხის დემონიზება, ვინც დასავლეთს არ მოსწონს. ბელარუსის ხელისუფლება ინციდენტის პირველი წუთებიდანვე აცხადებდა, – მზად იყო გამჭვირვალე და ღია გამოძიებისთვის, მზად არის, ექსპერტები მიიღოს და შესაბამისი ინფორმაცია და მასალები უზრუნველყოს“.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები