სერგი კაპანაძე: “ხორავას საქმის” გაყალბებაში მონაწილე 10-მდე პირი გვყავს იდენტიფიცირებული”
ევროპული საქართველოს“ წევრი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ კალანდიასთვის ბრალი აქამდეც უნდა წაეყენებინათ.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციების შესრულება, მნიშვნელოვანია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ნაბიჯს არ დგამდა და პროკურატურას მისთვის ბრალი წაყენებული არ ჰქონდა. კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე, იმ მასალების ანალიზის საფუძველზე, რომლებლიც ჩვენს ხელთ იყო, შუალედური რეკომენდაცია გავეცით, რომ კალანდიასთვის ბრალი უნდა წაეყენებინათ. დღეს ეს მოხდა და იმედი მაქვს, ეს საქმე, საბოლოოდ, ბოლომდე მივა და მართლმსაჯულება შედგება.
ამ ადამიანებმა ეს საქმე თავის დროზე გაამრუდეს და გააყალბეს. ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა სამართლის ძიება, თავის დროზე რომ არ მომხდარიყო ეს მძიმე, არასამართლებრივი ჩარევა საქმის გამოძიებისა და მიმდინარეობის პროცესში. 10-მდე პირი გვყავს იდენტიფიცირებული, რომელიც ამ საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა – მირზა სუბელიანით დაწყებული, სხვა თანამშრომლებით დასრულებული. თუ მათი არამართლზომიერი ქმედებები დადგინდება, ისინიც პასუხისგებაშიც მიეცნენ.
აქამდე ჩვენ ვხედავდით, როგორ არ ჰქონდა პოლიტიკური ნება სახელმწიფოს, რომ ეს ადამიანები დასჯილი ყოფილიყვნენ. ახლა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ნაბიჯების გადადგმა საზოგადოების დიდი წნეხისა და ზაზა სარალიძის ქმედებების შედეგად დაიწყო“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.