„სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა საქართველოშია

სინოვაკის“ ვაქცინების 100 ათასი დოზა საქართველომ უკვე მიიღო.

ვაქცინებით დატვირთული „ვიზეარის“ თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაფრინდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინის ჩამოტანას გამოეხმაურა:

-„ჩინეთის ნაჩუქარი „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია. უდიდესი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს მისი წვლილისთვის, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ქვეყნებს შორის სრულყოფილი თანამშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი გამანადგურებელი „კოვიდ-19“-ის მტრის წინააღმდეგ“ – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

-„​სინოვაკის“ ვაქცინის გამოყენების თაობაზე ვაქცინაციის საბჭო დამატებით იმსჯელებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის პირობით გვაქვს „სინოვაკის“ გამოყენება. ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული ვაქცინაციის საბჭოს მიერ. მაისის დასაწყისი აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დაანონსებული, როგორც „სინოვაკის“ ავტორიზაციის თარიღი. ამას დაველოდებით. თუ გადავადდა და დაყოვნდა, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით საბჭო დამატებით იმსჯელებს „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე.

სინოვაკის“ ვაქცინას უკვე ფართოდ იყენებს რეგიონის რამდენიმე ქვეყანა. მას კეთილსაიმედო შედეგები აქვს. დღეს ფართოდ იყენებს თურქეთი, აზერბაიჯანსა და უკრაინაშიც  არის „სინოვაკი“. „სინოვაკის“ შედეგები არის საკმაოდ კეთილსაიმედო. ეფექტურობის თვალსაზრისითაც არის კარგი მონაცემები და რაც მთავრია, სიკვდილობის მაჩვენებლებს და მძიმე შემთხვევების განვითარების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ამცირებს“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო.

კომენტარები