“სირცხვილია, მართლა სირცხვილია, როდესაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ვეტერანების უფლება დამცველებად გვევლინებიან”-ლევან ნიკოლეიშვილი:

 

ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს-

“სირცხვილია, მართლა სირცხვილია, როდესაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ვეტერანების უფლება დამცველებად გვევლინებიან. ვგულისხმობ, დავით ბაქრაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ თურმე „ვეტერანების დახმარება არ გაზრდილა. თუმცა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ვალი, რომელსაც ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, აუცილებლად გავისტუმრებთ“.
ოჰო, ნახეთ, რა ახალი სლოგანი მოუგონიათ ბიჭებს საარჩევნოდ? საგულისხმოა, არჩევნებამდე ერთხელ მაინც, რატომ არ გაგხსენდათ ვეტერანები და მათი პრობლემები? ან ხელისუფლებაში მყოფებს რა აქვთ გაკეთებული ვეტერანებისა და სამხედროებისათვის?
მოდით გავიხსენოთ, მათი მართველობის დროს „გმირთა მოედანზე“ აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალთან შეკრებილი ვეტერანები როგორი სასტიკად დაარბიეს. ისინი სწორედ იმ უფლებების დაცვას ითხოვდნენ, რომლის ქომაგადაც იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს გვევლინება. რაღაც ვერ ვიხსენებ მის მაშინდელ მხარდამჭერ თუნდაც ერთ განცხადებას. შემდეგ, როდესაც აგვისტოს ომის დროს, ცაზე თვითმფრინავის გამოჩენით შეშინებული სააკაშვილი საფრანგეთი საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის და უამრავი სამხედროს თვალწინ გორში მიწაზე ფორთხავდა, იგივე ბაქრაძე ქვეყნის მოსახლეობას სამშობლოს „დანა-ჩანგლით დაცვისკენ“ მოუწოდებდა. არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ეგრეთწოდებული „მუხროვანის ამბოხი“ მოიგონეს, სადაც კიდევ ერთხელ გათელეს ფეხქვეშ სამხედროების ღირსება და პატივი. ბევრი მათგანი სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს, არაადამიანურად აწამეს და ხანგრძლივი პატიმრობისთვის გაწირეს. როგორც ჩანს, მაშინდელ ხელისუფლებას, მძიმე ტვირთად აწვა 2008 წლის ომში მათი მოღალატეობრივი ქმედებები და ყველაფრის სამხედროებზე და ვეტერანებზე გადაბრალება სურდათ. არადა 12 წლის წინ უამრავმა სამხედრომ ღირსეულად შესწირა თავი სამშობლოსათვის ბრძოლას. მათი უმეტესობა, სწორედაც იმ დიდი ვეტერანებისა და წინაპრების მაგალითზე იყვნენ გაზრდილი.
… ევრონაცები და ნაცები, რომლებიც ხან დაიშლებიან ხან შალიკოს ფანჩატურში შეერთდებიან, მერე ისევ დაიშლებიან და თუ საჭიროდა ჩათვლიან და მათი ბელადის სააკაშვილის მოწოდება იქნება, სავარაუდოდ ისევ გაერთიანდებიან, ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილით, დღეს კიდევ ერთხელ ახალი პოპულისტური იდეებით ცდილობენ ცრუ იმედი ჩაუსახონ ადამიანებს….
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ვეტერანებს 100% უფინანსდებათ გეგმიური სამედიცინო მომსახურება, მაშინ როცა ჩვეულებრივ საყოველთაო დაზღვევის მოსარგებლეს 70%-ით. სოციალურ პაკეტს (მოქმედებს 2012 წლიდან) იღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. თანხა განისაზღვრება: 134 დან 323 ლარამდე ოდენობით კატეგორიების მიხედვით. 2007 წლიდან განხორციელდა სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის განკუთვნილი კომუნალური მომსახურების სუბსიდირება. მათ შორის, იყვნენ ომის მონაწილეები, პირები, რომლებიც არც პენსიონერები არიან და არც შშმ პირები. 2009 წლიდან მათთვის ამ დახმარების გაცემა შეწყვეტილი იყო და 2019 წლის ივნისიდან განახლდა. შესაბამისად, 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია მოიპოვა ყველა ვეტერანმა.
თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებით, სამხედროები და მათი ოჯახის წევრები, უმაღლესი განათლების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერ უნივერსიტეტში სახელმწიფოსგან 50% ფინანსდებიან. დანიშნულია თავდაცვის სამინისტროს სტიპენდიები, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მრავალ სამხედროსა და ვეტერანს გადაეცა საცხოვრებელი ბინები; აღარაფერს ვამბობ სამხედრო ტექნიკისა და თავდაცვის პოტენციალის გაზრდაზე და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან და ნატოსთან ყველაზე მაღალ თანამშრომლობის ნიშნულზე (ეს ის არ არის, მიშა სააკაშვილი და დავით ბაქრაძე რომ „გვაბოლებდნენ“ მაპ-ზე უკეთესი მივიღეთო).
სამხედროები და ვეტერანები პოლიტიკაში არ ერევიან. ისინი სამშობლოს ემსახურებოდნენ და ემსახურებიან… მაგრამ, სხვაზე მეტად არჩევენ რომელი ხელისუფლებაა მათი თანამდგომი და ქვეყნის სიკეთეზე და განვითარებაზე ორიენტირებული, რასაც დარწმუნებული ვარ ოქტომბრის არჩევნებზე კიდევ ერთხელ ღირსეულად გამოხატავენ.”-წერს ნიკოლეიშვილი

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები