„სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ, ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს“ – ზურაბ გურული

-„ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, – მივცეთ მცირეოდენი ჟანგბადი ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, ამოვასუნთქოთ, რომ მოვახდინოთ მაღლა მკვეთრად მიმავალი პიკის გარკვეულად გაბრტყელება.

მიმაჩნია, ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა ის, რომ, ყველამ ერთად, შეგნებულად შევეცადოთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ ის, რისი შეზღუდვაც შეიძლება ჩვენს პირად და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რა თქმა უნდა, ყველანაირად მხარს ვუჭერ ბიზნესს, ძალიან კარგად მესმის, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება მათთვისაც, მაგრამ ჯერჯერობით სხვა არანაირი იარაღი არ გვაქვს არსენალში, – როგორმე მოვახერხოთ სიტუაციის კონტროლი, გარდა იმისა, რომ მივმართოთ ისევ ნაცად მარტივ მეთოდს, გავამკაცროთ შეზღუდვები, ამ შემთხვევაში ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ ჯანდაცვის სექტორს.

რეალობა არის, სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ, ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს.

ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ეს ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის პრობლემაა, ამიტომ, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორისთვის გარკვეული ჟანგბადის მიცემის ერთადერთი გზა შეზღუდვების გამკაცრებაა“, – განაცხადა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეხვედრის შემდეგ.

საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები