“სიფრთხილე გვმართებს, რადგან პროცესი მართულია და ორი ერის გადაკიდებას ისახავს მიზნად”- ზვიად ტომარაძე დავით გარეჯის საკითხზე

ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ლიდერი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში დავით გარეჯში არსებულ პრობლემას ეხმიანება და თვლის, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ გზის მიყვანა ჩიჩხიტურთან, 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისთვის, ახალგაზრდების მისვლას უკავშირდება.

“დავით გარეჯი საქართველოს სიწმინდეა. დიახ, ის უნდა დავიცვათ, მაგრამ გავიხსენოთ საიდან დაიწყო ყველაფერი. როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, მოხდა ქართველი ძალოვანების გადაადგილება, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიული ქმედებები მოჰყვა.

ისმის კითხვა, – ვისი დავალებით და რატომ? გარდა ამისა, აზერბაიჯანთან კონფლიქტით დაინტერესებულია რამდენიმე სახელმწიფო, რომელთა აგენტურაც ამისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს. დავით გარეჯის დიდ ნაწილს (ლავრას) საქართველო აკონტროლებდა და აკონტროლებს, სადაო ტერიტორიაზეც (ჩიჩხიტური, ბერთუბანი, უდაბნო) ორივე სასაზღვრო წარმომადგენლები დგანან.

სამწუხაროდ, სამი ათეული წელია, ვერ ვისწავლეთ საქმის ჩუმად კეთება, მხოლოდ პრობლემებზე ვრეაგირებთ და ის სავალალო შედეგი რომ არ დადგეს, ამისთვის არაფერს ვაკეთებთ… რამდენიმე წლის წინ, როდესაც ნუკრი მჭედლიშვილმა ჩამოიტანა მასალა, თუ რა ისწავლებოდა აზერბაიჯანის სკოლებში, ერთ–ერთმა პოპულარულმა გაზეთმა არ დაბეჭდა. არადა საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე ბორჩალო (ქვემო ქართლი) აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა და დავით გარეჯი ალბანული ძეგლია…

ჰერელების და ინგილოების პრობლემებისთვის, საქართველოს ხელისუფლებები, საერთოდ არ დაინტერესებულან. შარშან პარლამენტში პირადად დავაყენე ჰერელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი, ვერ მივცემთო, აზერბაიჯანმა გვთხოვაო… ახლაც სახეზეა ხელისუფლების პასიურობა, საზოგადოებასთან კომუნიკაციის არქონა და უმოქმედობა…
აზერბაიჯანული მხარის მიერ გზის მიყვანა ჩიჩხიტურთან, უკავშირდება 28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეზე, ახალგაზრდების მისვლას. ამ დღეს იქ მისვლას აპირებს ქართული მხარეც, ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ორი მოდავე მხარის პირისპირ დადგომას, თუ აგენტურის ფაქტორსაც გავითვალისწინებთ (იქ მრავლად იქნებიან) შესაბამისად, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. ღმერთმა დაგვიფაროს!
რადგან ეს უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ორივე მხარისთვის!

ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან მრავალი ფაქტორის გათვალისიწნებით, ეს პროცესი მართულია და მიზნად ისახავს ორი ერის ერთმანეთზე გადაკიდებასა და ახალი კონფლიქტური კერის გაჩენას. წარსული შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს! ნუ ვიქნებით სულელები, რადგან როგორც ნათქვამია: “ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი საკუთარზე და სულელი სულ ვერ სწავლობს,”- წერს ზვიად ტომარაძე. 

კომენტარები